ახალი ამბები

რა კავშირია განათლებასა და დასაქმებას შორის – კვლევა

3 ოქტომბერი, 2017 • 3796
რა კავშირია განათლებასა და დასაქმებას შორის – კვლევა

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს დაფინანსებით მომზადებული კლვევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირს ეხება და 2016 წლის ზაფხულში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემებს ეფუძნება.

კვლევა ფორმალური განათლების მნიშვნელობის გამორკვევას ემსახურება დასაქმებაში და აჩვენებს, თუ როგორია განათლების ინდივიდუალური ეკონომიკური სარგებელი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა მოცემულ კვლევაში ქვეყანაში არსებული შრომითი ბაზარი და მისი მოთხოვნებიც შეისწავლა, კერძოდ,  განათლებასა და დასაქმებას შორის შესაბამისობა და სამუშაო ძალის კომპეტენცია შეაფასა.

შედეგების მიხედვით, ანაზღაურებადი სამუშაო (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 33%-ს აქვს, დაუსაქმებელი კი 67%-ია, რომელთაგან ეკონომიკურად აქტიური და სამსახურის მაძიებელი 37,5 %-ია.

რესპონდენტებში, რომლებსაც ფორმალური განათლება საერთოდ არ მიუღიათ, დაუსაქმებლები ჭარბობენ. უმუშევათა რაოდენობა მაღალია მხოლოდ სასკოლო განათლებისა და პროფესიული განათლების მქონე რესპონდენტების შემთხვევაში. მათში კი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა რაოდენობა თითქმის იდენტურია.

 

კვლევის ავტორებმა გამოკითხულთა შრომის ბაზარზე განაწილება მათი განათლების მიხედვითად შეისწავლეს. მონაცემები აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა წილი მაღალია განათლების სისტემაში, საოფისე, ადმინისტრაციულ, საფინანსო, საბანკო და სადაზღვეო სფეროებში.

სასკოლო განათლების მქონე დასაქმებულები კი უმრავლესობას წარმოადგენენ თავდაცვისა და უსაფრთხოების, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებებში.

რაც შეეხება პროფესიული განათლების დასაქმებულებს, ისინი საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ასევე, ინდივიდუალურ მომსახურებაში დომინირებენ.

02

კვლევის მიხედვით,  საერთო ჯამში, დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი მოდის უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე (58%). მას მოსდევს სკოლის განათლების მქონე დასაქმებულების წილი, რომელიც 23%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალაა  წარმოდგენილი (19%).

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ დამსაქმებლების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში (განსაკუთრებით კი, საჯარო სექტორის შემთხვევაში), მეტწილად, სწორედ უმაღლეს განათლებაზეა მოთხოვნა.  

“სხვა სიტყვებით, ფორმალური განათლების დონე (საფეხური) არ განსაზღვრავს, მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 40%-მდე აღწევს უმაღლესი განათლების მქონეთა წილი ისეთ საქმიანობებში, რომელიც დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ხასიათდება (მაგ.: ტრანსპორტირება, მომსახურება)” – ნათქვამია კვლევაში.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებული რესპონდენტების 53% აცხადებს, რომ თავისი პროფესიით მუშაობს, 6%-ით ნაკლები კი აღნიშნავს, რომ ამჟამად თავისი პროფესიით დასაქმებული არ არის (47%).
ამასთან,კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კომპიუტერთან ინტენსიური მუშაობის გამოცდილება თითქმის 2-ჯერ ზრდის დასაქმების შესაძლებლობას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლებისა და დასაქმების მაჩვენებლების გენდერის ჭრილში გაანალიზება. მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის შედეგები ცხადყოფს, რომ ფორმალური განათლების არმქონე და მხოლოდ სასკოლო განათლების მქონე რესპონდენტების ჯგუფში ქალებისა და კაცების რაოდენობა თითქმის თანაბარია. განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე კი ქალების რაოდენობა აღემატება კაცებისას.

კვლევის მიხედვით, სკოლის და პროფესიული განათლების კატეგორიებში დასაქმების მაჩვენებელი სქესის მიხედვით განსხვავდება კაცების სასარგებლოდ: სკოლის განათლების მქონე კაცების შემთხვევაში, დასაქმებულთა წილი შეადგენს 34%-ს, ქალების შემთხვევაში  14%-ს; პროფესიული განათლების მქონე კაცების შემთხვევაში 27%-ს, ქალების შემთხვევაში კი – 21%.

გარდა ამისა, შესწავლილი მონაცემების მიხედვით, ფორმალური განათლების დონე განსხვავებულად აისახება ქალებისა და კაცების ყოველთვიური ანაზღაურების საშუალოზეც.

უმაღლესი განათლების მქონე დაქირავებით დასაქმებული ქალების ყოველთვიური, დაბეგრილი ანაზღაურების საშუალო 406 ლარს შეადგენს, ხოლო კაცების – 691 ლარს.

კვლევის შედეგების მიხედვით,  სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი – 5-ჯერ. თუმცა, ფორმალური განათლების დონე (საფეხური) არ განსაზღვრავს. მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს. მაგისტრის დიპლომის მიღება კი არა (უფრო) მაღალი შრომის ანაზღაურების ან პროფესიით დასაქმების, არამედ ზოგადად, დასაქმების გაზრდილი შესაძლებლობის წინაპირობას წარმოადგენს.

რაც შეეხება განათლების საფეხურის მიხედვით საშუალო ანაზღაურებას, კვლევის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების დაბეგრილი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ, 623 ლარს შეადგენს, სკოლის განათლების შემთხვევაში -497 ლარს, პროფესიული განათლების შემთხვევაში კი – 375 ლარს. შესასრულებელი სამუშაოს ტიპის და ანაზღაურების მიუხედავად, დამსაქმებლები მასობრივად მოითხოვენ უმაღლესი განათლების დიპლომს.  კაცების შემთხვევაში, დასაქმების შანსი 1.5-ჯერ მაღალია ქალებთან შედარებით. 03

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დასაქმებულთა შრომით კმაყოფილებას ეხება. როგორც კვლევამ გამოკვეთა, შრომით კმაყოფილების შეფასებისას არც ერთი ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში არ ფიქსირდება სტატისტიკური კავშირი შრომით კმაყოფილებასა და რეალურ ნომინალურ ხელფასს შორის. სტატისტიკური კავშირი დასტურდება მხოლოდ ხელფასით კმაყოფილების სუბიექტურ აღქმასა და შრომით კმაყოფილებას შორის, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რესპონდენტთა უმეტესობის შემთხვევაში, შრომით კმაყოფილებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მათ აქვთ სამსახური და, შესაბამისად, გარკვეული ანაზღაურებაც, თუნდაც ის არ იყოს მაღალი.

ამ მონახემებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

[checklist]

  • განათლებისა და ინოვაციების ინტეგრირებული სახელმწიფო პოლიტიკის
    წარმოება (ERI)უნდა შეიქმნას განათლების და მეცნიერების განვითარების ისეთი სტრატეგია (შესაბამისად, სამოქმედო გეგმაც), რომელშიც კომბინირებული
    სახით იქნება წარმოდგენილი სამი კომპონენტი: განათლება, კვლევა და ინოვაცია აღნიშნული კომპონენტების ინტეგრაცია უნდა ემსახურებოდეს, ერთი მხრივ, არსებული სამეცნიერო კაპიტალის მაქსიმალურ რეალიზაციას და, მეორე მხრივ, მის გაძლიერებას ორი ძირითადი მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია და კომერციალიზაცია. თანამედროვე და კონკურენტულ მსოფლიოში სწორედ ინოვაცია წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის გაფართოების წინაპირობას.
  • ფორმალური განათლების გაუფასურების პრობლემის მინიმიზაცია.
    განათლების გაუფასურების თავიდან ასარიდებლად უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა რეგულარულად უნდა განახორციელონ:
    სწავლების ხარისხისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი შეფასების
    შიდა მექანიზმების გამოყენებით;
    ○ ეროვნულ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე არსებული უახლესი
    ტენდენციებისა და მოთხოვნების მონიტორინგი;
    ○ ტრანსფერული უნარების ინტენსიური სწავლების ინტეგრირება სასწავლო კურიკულუმებში.
    ⇒ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განათლების გაუფასურების პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების საფეხურზე პროფორიენტაციის მექანიზმების დანერგვა. განსაკუთრებით, დასაქმების კერძო სექტორის წარმომადგენლებთან რეკომენდირებულია აქტიური კომუნიკაცია განათლების კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოსა და ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო კლასიფიკატორების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
  • უწყვეტი განათლების პრინციპების პრაქტიკაში განხორციელება
    კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობაში განსაკუთრებით დეფიციტურია თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის აუცილებელი ორი უნარი, კომპიუტერის და ინგლისური ენის ცოდნა. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ამ ორი უნარის განვითარებაზე მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი, ზრდასრულ მოსახლეობაში, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემების დანერგვისა და აღიარების მექანიზმების ოპტიმიზაციის დაჩქარებას საჭიროებს.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი