ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი კატალონიაში მიმდინარე მოვლენებს 90-იანი წლების აფხაზეთს ადარებს

3 ოქტომბერი, 2017 • 3240
სოხუმი კატალონიაში მიმდინარე მოვლენებს 90-იანი წლების აფხაზეთს ადარებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატალონიის რეფერენდუმის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში წერია, რომ აფხაზეთის “საგარეო საქმეთა სამინისტრო კატალონიაში გამართულ რეფერენდუმს და მის შედეგებს ინტერესით აკვირდებოდა”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ, რომელმაც თავდაპირველად უარი თქვა რეფერენდუმის შედეგების აღიარებაზე კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერების მიმართ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ძალისმიერი ზეწოლით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, “რეფერენდუმის წინა დღეს ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები დააპატიმრა, ხოლო კენჭისყრის დღეს საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც თავიანთი დემოკრატიული უფლებების განხორციელება სურდათ, სასტიკი ფიზიკური ზეწოლა განახორციელა. ესპანეთის ხელმძღვანელობის მიერ ასეთი მკაცრი ქმედების შედეგად, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების ნებისმიერი შესაძლებლობის ჩასახშობად გამოიყენეს, ბევრმა მოქალაქემ მიიღო დაზიანება”.

“სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობენ ცივილიზებული ევროპული ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული ნორმებისა და პრინციპების დამცველებად აცხადებენ თავს, ძალადობით ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრის გამოხატვა”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში კატალონიაში განვითარებული მოვლენები 90-იანი წლების აფხაზეთის სიტუაციასთანაა შედარებული. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთმა, როგორც ამჟამად კატალონიამ, დაიცვა თავისი უფლება, ყოფილიყო თავისუფალი, რის გამოც ომი მოხდა.

“აუცილებელია გავიგოთ, რომ კატალონია, ისევე როგორც აფხაზეთი – საკუთარი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და მდიდარი კულტურული თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, ესპანეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, როდესაც დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კატალონიელი ხალხის სურვილი სასტიკი ძალადობის გზით ჩაახშო.” – წერია განცხადებაში.

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, მონაწილეთა 90%-მა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. კატალონიის ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონიამ “მოიგერია სახელმწიფოს დამოუკიდებლობის უფლება”, თუმცა ამას ოფიციალური ბარსელონა არ ეთანხმება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი