Screen Shot 2017-10-03 at 3.54.29 PM

აფხაზური მხარის მიმართვა იუნესკოსადმი და ქართული მხარის პასუხი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კეთილი ნების ელჩებმა კულტურული ძეგლების დაცვის საკითხთან დაკავშირებით იუნესკოსა და გაეროს კეთილი ნების ელჩების ყურადღების მისაქცევად ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

“ვიმედოვნებთ, აფხაზეთში უნიკალური ტაძრების დაცვის პრობლემასთან დაკავშირებით იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო სტრუქტურების ყურადღების მიქცევას შევძლებთ.

ბედიის, ლიხნის, ბზიფის, ბიჭვინთის, მოსკოვისა და ანაკოფიის ტაძრები არა მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის, მთლიანად კაცობრიობის არქიტექტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებია. აფხაზეთის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარების არარსებობის პირობებში, პოლიტიკური ბარიერების არსებობის გამო, სასწრაფოდ განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათ აღსადგენად შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის იუნესკოს ყურადღების მიქცევა ვერ ხერხდება”, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორი, კან ტანია, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი ამბობს:

“1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური ომის დროს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზური კულტურული ძეგლებს ანადგურებდნენ, გაჰქონდათ აფხაზი ხალხის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებსა და სიწმინდეებს”.

აფხაზური მხარის ბოლო მიმართვას ქართული მხარე, კონკრეტულად კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა:

“ვერანაირ კრიტიკას უძლებს და უბრალოდ რეალობას აცდენილია, როდესაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებაზეა საუბარი. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ როგორც ადამიანურ [პროფესიულ], ასევე ფინანსურ რესურსს, მათ შორის იმისთვის, რომ პირველ რიგში მოხდეს მონიტორინგი და რეალური შეფასება ძეგლების დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობის, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების გამოვლინება და დაუყოვნებლივ სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება”.

ამის საპასუხოდ, როგორც კულტურის მინისტრი ამბობს, “ჩვენ რიგგარეშე ანგარიშს კიდევ გავაგზავნით, ისევ განვაახლებთ და დავუდასტურებთ ჩვენს მზაობას ამ წინადადებებთან დაკავშირებით. ბევრი ძეგლი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, არაერთი ინფორმაცია გაქვს სხვადასხვა ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოებისა. იქაც ზოგ შემთხვევაში პროფესიონალიზმის ან ცოდნის ნაკლებობის გამო, ზოგ შემთხვევაში მიზანმიმართულად ქართული კვალის წაშლის თვალსაზრისით, მიუღებელი პროცესები ვითარდება”.

აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იუნესკოს ნუსხაში შეტანისა და ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან კომპრომისის აუცილებლობაზე სოხუმში წინა წლებშიც საუბრობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი