ახალი ამბები

ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელების საქმეს პროკურატურა იძიებს

3 ოქტომბერი, 2017 • 2830
ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელების საქმეს პროკურატურა იძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიაში გახმაურების გამო დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით.

აღნიშნული მუხლი ეხება წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურებას, კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ და ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

“ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება და საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა”, – განაცხადა ტელეიმედთან საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დეკანოზის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილები დაადებინა პროკურატურამ. ამასთან, პროკურატურის მოთხოვნით დახურული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ პროცესის განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო დეკანოზი გიორგი მამალაძე და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა დახურულ პოროცესზე სხვადასხვა მოწმის ჩვენებების აუდიოჩანაწერები, მათ შორის გამოქვეყნდა შორენა თეთრუაშვილის, იოსებ ოხანაშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის, თავად გიორგი მამალაძის ჩვენებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი