ახალი ამბები

არის თუ არა ზუგდიდში “ოცნების” მერობის კანდიდატი ყოფილი “ნაციონალი”

3 ოქტომბერი, 2017 • 3200
არის თუ არა ზუგდიდში “ოცნების” მერობის კანდიდატი ყოფილი “ნაციონალი”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ზუგდიდში “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი ლაშა გოგია მათი წევრი იყო. მეტიც, ამ უკანასკნელს პარტიის დატოვების შესახებ ენმ-სთვის ფორმალურად არც უცნობებია. “ქართული ოცნების” შტაბში ამ ინფორმაციას სიცურეს უწუოდებენ.

სამოქალაქო მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრმა კახა მიქაიამ ზუგდიდში პრესკონფერენცია გამართა და წარადგინა ენმ-ის პარტიული მანდატი (ბილეთი), რომელიც ამ უკანასკნელის მტკიცებით, ლაშა გოგიამ აიღო. ბილეთს ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს და ძალაში 2006 წლამდეა. “დაიცავი საქართველო” ლევან და გია გაჩეჩილაძის სახელთან დაკავშირებული სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავრობას აქტიურად ებრძოდა.

“ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კოდუა კახა მიქაიას ენმ-ის სატელიტს უწოდებს და აცხადებს, რომ ზემოხსენებული მანდატი გაყალბებულია. შესაბამის კომენტარსა და სიუჟეტს ამ თემაზე ლაივპრესი ავრცელებს ზუგდიდიდან.

“ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტის დამონტაჟება ტექნიკურად მარტივად შეიძლება დღეს”, – ამბობს კოდუა

მისივე თქმით, მიქაიამ დოკუმენტის გაყალბებისას გაუთვალისიწნებელი შეცდომები დაუშვა: ერთი, რომ დოკუმენტზე შტრიხკოდი არ არის მოცემული და მეორე, სურათია არარელევანტური. კოდუას თქმით, ლაშა გოგია, რომელიც 2005 – 2008 წლებში ასე გამოიყურებოდა:

© ლაივპრესი

© ლაივპრესი

2005 წლით დათარიღებულ დოკუმენტში დღევანდელი სურათით გამოსახეს:

© ლაივპრესი

© ლაივპრესი

ლაშა გოგია 1975 წელსაა დაბადებული. შესაბამისად, 2005 წელს 30 წლის იყო. გოგია ფეისბუკზე 2008 წელსაა დარეგისტრირებული. 2009 წელს მას თავისი პირველი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჩანს, რომ ასე გამოიყურება.

Screen Shot 2017-10-03 at 2.43.24 PM

ზუგდიდში ენმ-ის ლიდერი ანი წითლიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ გოგია მართლაც იყო მათი პარტიის წევრი და მეტიც, პარტიის დატოვების თაობაზე ენმ-სთვის ოფიციალურად არ უცნობებია.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 2005 წელს  სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იმავე კუდის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი იყო.

ხოლო 2005-2008 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ (2005-2006 წწ), შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (2006-2008 წწ.).

მას უმუშავია კერძო სექტორშიც.

ამავე ბიოგრაფიის მიხედვით, გოგია 2012 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეა;

2013-2014 წლებში იყო პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო ზუგდიდის 67-ე საარჩევნო შტაბის უფროსი;

2014 წლიდან არის პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი;

2016 წლიდან პარტიის სამეგრელოს რეგიონის (ზუგდიდი, წალენ ჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი) კოორდინატორია;

2014-2016 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2016 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი