ახალი ამბებიეკონომიკა

გაუმართავი ინფრასტრუქტურა და არასათანადო სერვისი – ტურიზმის გამოწვევები საქართველოში

3 ოქტომბერი, 2017 • 5328
გაუმართავი ინფრასტრუქტურა და არასათანადო სერვისი – ტურიზმის გამოწვევები საქართველოში

დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის ცხრა თვის ტურისტული მაჩვენებლები შეაფასა. ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2017 წელს ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სფეროში არსებულ პრობლემების შესახებაც ისაუბრა და  მომსახურეობის სფერო და ინფრასტრუქტურა ძირითად პრობლემად დაასახელა.

ტურიზმში მიმდინარე საკითხების შესახებ ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანცელარიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა მინისტრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია. პრაქტიკულად, ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი დღეს ისევ სავსეა ტურისტებით. გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მიმართულებაზე. ზამთრის სეზონისთვის დიდწილად მზად ვართ, თუმცა მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება, მათ შორის – ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების საკითხებზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზე და ა.შ.”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების შეფასებებს.

„ამისთვის საჭიროა, ჩვენ დღესვე დავიწყოთ მუშაობა იმ რეაგირებებზე, რომლებიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროს თუ სხვა მიმართულებებით. ასევე ყველაფერი გავაკეთოთ კულტურის მიმართულებით, რათა ჩვენი ქვეყანა  კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით- მცირე და საშუალო ბიზნესში. ძალიან მახარებს ის, რომ წელს პირველად, ბათუმში, დიდი სასტუმროების გარდა, დაიტვირთა მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროები. ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული სასტუმროების ქსელების განვითარებისთვის; იმისთვის, რომ მათ განავითარონ და მოაწესრიგონ თავიანთი მცირე ინფრასტრუქტურა და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“კავკასუს თრეველის” მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა რაზმაძემ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა:

“კვლავ პრობლემად რჩება სანიტარული კვანძები გზებზე. გზებზე სისუფთავე და სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ეს პრობლემას წარმოადგენს.  გზებზე პრობლემაა ასევე საპირფარეშოების საკითხიც,  რომელიც არასოდეს მოგვარდა. არც ვიცი, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამის მოგვარებაზე, თუ ბიზნესმა, რომელმაც შეიძლება რაღაც ინტერესი ნახოს და თვითონ შექმნას საჭირო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სერვისი ქვეყანაში ისევ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით ეს რეგიონებს ეხება, რადგან იქ კონკურენცია ნაკლებია. თუმცა სერვისის პრობლემა მთლიანად ქვეყანაშია. ძირითად ნაწილზე, სადაც ტურისტები დადიან,  გზის პრობლემა მოგვარებულია. თუმცა არსებობს თუშეთის საკითხი, სადაც გზა ისევ პრობლემად რჩება და თუ აქ მოგვარდება გზის საკითხი, შესაძლოა თუშეთი რეგულარულ ტურებში მოხვდეს. საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვი იმას, რომ ტურიზმში ისეთი ტიპის პრობლემებია, რომელიც ჩვენს კომპანიას უშლის ან აფერხებს მის მუშაობას”,- აცხადებს გვანცა რაზმაძე.

“კავკასუს თრეველის” წარმომადგენელი ამბობს, რომ  ბაზარზე გიდების მზა კადრები არ არსებობს  და კომპანიებს მათი დატრენინგება თავად უწევთ.

რაც შეეხება 2017 წლის სექტემბრის მონაცემებს, ყველაზე დიდი რაოდენობით ტურისტები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოვიდნენ.

სერთაშორისო მოგზაურები 2016-2017 წლის სექტემბერი:

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი