პრეზიდენტის რეზიდენცია ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მარგველაშვილი უმრავლესობას კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტი მმართველ პარტიას პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც. თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი  ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“. მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო. სწორედ ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე. პრეზიდენტი მზადაა, მათ ხვალ,  ოთხშაბათს,  4 ოქტომბერს,  16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის შეთავაზება შეხვედრასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია:

“მე პირადად გამოვხატე მზადყოფნა, რომ შევხვდებოდი საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით არის დუმილი. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება. შესაბამისად, მან უნდა ჩათვალოს საჭიროდ ეს შეხვედრა. აქ საუბარი არაა იმაზე, მე ვიზამ თუ ის იზამს. მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. თუ იქნება მისი მხრიდან შემოთავაზება, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენგან პასუხი იქნება პოზიტიური”,- განაცხდა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით უკვვე მიღებულია. უმრავლესობა პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო მხოლოდ ორ ნაწილში, ბონუსების ამოღების და ბლოკების გაუქმების ნაწილში გამოიყენოს, რაც საარჩევნო სისტემასთანაა დაკავშირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com