ახალი ამბები

პოლიციის ძალადობის საპასუხოდ კატალონიაში გაიფიცნენ

3 ოქტომბერი, 2017 • 1906
პოლიციის ძალადობის საპასუხოდ კატალონიაში გაიფიცნენ

დღეს, 3 ოქტომბერს, კატალონიელები მასობრივად გაიფიცნენ რეფერენდუმის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის საპასუხოდ.

The Guardian-ის ცნობით, გაფიცვის გამო შესაძლოა ფრენები და მატარებლის რეისები გაუქმდეს, ასევე შეჩერდეს პორტის მუშაობა, რადგანაც პროფესიული კავშირები დასაქმებულებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

მოსალოდნელია, რომ გაფიცვას შეურთდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტები, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ბარსელონის ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – “საგრადა ფამილია”.

BBC-ის ცნობით, გაფიცვის დღეს დაიხურება სკოლებიც და საავადმყოფოებიც.

გაფიცვა კატალონიაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფი დგას პოლიციის შენობის წინ ბარსელონის ცენტრალურ ნაწილში. 03.10.2017 credit: EPA-EFE/JIM HOLLANDER

BBC-ის ცნობითვე, კატალონიელებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ გაბრაზებული არიან ესპანეთის მთავრობის ხისტი და ძალადობრივი ნაბიჯების გამო, რაც კატალონიაში აღიქვეს მადრიდის ქედმაღლობად და ადამიანების უფლებების დარღვევად.

საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” განაცხადა, რომ ისიც შეურთდება გაფიცვას და დაკეტავს თავის ოფისსა და საწვრთნელ ბაზებს.

კვირას, 1 ოქტომბერს, კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რეგიონული ხელისუფლების მტკიცებით, რეფერენდუმზე მივიდა 2.4 მილიონი ადამიანი, რაც კატალონიის მოსახლეობის 42%-ია. კატალონიის მთვარობის განცხადებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

რეფერენდუმს არ აღიარებს ესპანეთის მთავრობა, რომელმაც პოლიციის ძალის გამოყენებით ხელი შეუშალა მოქალაქეებს, საარჩევნო უბნებში მისულიყვნენ.  რეფერენდუმის დღეს პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებები მოხდა, რის გამოც სულ მცირე 893 მოქალაქე და 33 პოლიციელი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი