44698

სამხრეთ ოსეთის სკოლებში ქართულს აღარ დაუშვებენ?

სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა გამოცემა eurasianet.org-ზე სახელწოდებით No More Georgian in South Ossetia’s Schools?

 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ტერიტორიაზე დარჩენილი არცთუ ისე ბევრი ეთნიკური ქართველისთვის სასწავლო წელი შესაძლოა უჩვეულო იყოს.

ამ წლიდან თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ყველა ქართულ საშუალო სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა (ქართული არჩევით საგნად დარჩა).

ცვლილება ეტაპობრივად დაიწყება, დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ნატალია გასიევმა აგვისტოში განაცხადა, რომ სწავლება რუსულ ენაზე თავიდან იქნება პირველიდან მეოთხე კლასამდე, ხოლო ყოველი შემდეგი წლიდან ახალი კლასი დაემატება.

South Ossetia Today-სთან ინტერვიუში განათლების მინისტრის მოადგილე, ელიზა გაგლოევა იმედოვნებს, რომ რუსულ ენაზე სწავლება ქართველ ბავშვებს, საბოლოო ჯამში, სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტებში მოხვედრის საშუალებას მისცემს. ივლისში Nykhas-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი გაგლოევა ამბობს, რომ ტერიტორიაზე არსებულ ქართულ სკოლებში სწავლა თბილისიდან მიწოდებული წიგნებით ხდებოდა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას საკუთარი სასწავლო პროგრამების ქართულ ენაზე სათარგმნელად რესურსი არ გააჩნდა.

ტერიტორიაზე მცხოვრები 53,532 ადამიანიდან (უკანასკნელი, 2015 წელს ჩატარებული აღწერის შესაბამისად) 3,966 ეთნიკური ქართველია, რაც მათ რეგიონში მეორე ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ქართველების უმეტესობამ ტერიტორია დატოვა, ახალგორში 2,337 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მოსახლეობის 55%-ს შეადგენენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის ხელისუფლებამ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა, რის შემდეგაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი ადგილობრივი ქართველების უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველსაყოფად ახალგორს ეწვია. დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქს ისევ ლენინგორი (საბჭოთა პერიოდის სახელი) დაარქვა.

რაიონის 11 სკოლიდან ქართული მხოლოდ ექვსი იყო, ხოლო კლასების რიცხვი- მცირე, ამბობს ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი Ekho Kavkaza-სთან ინტერვიუში. ის აქვე ამატებს, რომ ადგილობრივ ქართველ მასწავლებლებს ურჩევნიათ ცვლილებებს შეეგუონ, ვიდრე სამსახურიდან წავიდნენ. თუმცა მათი რუსული ენის ცოდნა მაღალ კლასებში რთული საგნების სასწავლებლად საკმარისი არ არის.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო, რადგან “ახალგორის მოსახლეობამ საკუთარი თავი სამხრეთ ოსეთის ნაწილად იგრძნოს და არა საქართველოსი […] ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”. ბიბილოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ ნიშნავს ქართული ენის აკრძალვას. ივნისში ბიბილოვმა ახალგორის რაიონის ახალ ხელმძღვანელად ფილიპ ხაჩიროვი დანიშნა და აღნიშნა, რომ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობდა და ცხოვრობდა საქართველოში და მათთვის ბაზისური პირობების შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ბიბილოვი შესაძლოა თავისი სოხუმელი კოლეგით იყო შთაგონებული. წელს აფხაზეთში გალის რაიონის 11 ქართულენოვანი სკოლის მეექვსე კლასელები რუსულ ენაზე სწავლებაზე გადავიდნენ, რომლის პროცესიც 2015 წელს 1-დან მეოთხე კლასამდე დაიწყო. სკოლის სისტემის სრული რუსიფიკაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი გააკრიტიკა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა სამხრეთ ოსეთის ნაბიჯს EADaily-ს ანგარიშში დისკრიმინაცია უწოდეს. Georgia Today პოლიტიკურ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ციტირებს. ექსპერტის აზრით, ამ ცვლილებებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა მოუწოდებს ეთნიკურ ქართველებს, რომ რეგიონი დატოვონ.

რეგიონის ზოგიერთმა მკვიდრმა ეს ნაბიჯი ახალგორის დატოვების წახალისებად მიიღო, წერს მურატ გუკემუხოვი EkhoKavkaza-ზე.

მან ასევე ისტორიულ ირონიაზე მიანიშნა – საბჭოთა საქართველოში ეთნიკური ოსები ოსური ენის სწავლების ნაკლებობას ჩიოდნენ. რაც შეეხება ტერიტორიის ნომერ მეორე ოფიციალურ, ოსურ ენას, დღევანდელ კლასებში მისი პერსპექტივები კვლავ საზარელია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი