ახალი ამბები

კობახიძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას

3 ოქტომბერი, 2017 • 1533
კობახიძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას

“ეს დასკვნა იქნება იმის შესაბამისი, როგორიც იყო წინასწარი დასკვნა. წინასწარი დასკვნა იყო პოზიტიური, პოზიტიურად შეფასდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ანალოგიური დასკვნა იქნება 6 ოქტომბერსაც დამტკიცებული”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის თაობაზე დისკუსია დასრულებულია. კონსტიტუცია, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა, გაუგზავნეს პრეზიდენტს, რომელსაც ჯერ არ განუცხადებია საკუთარი პოზიციის შესახებ, დაადებს თუ არა ვეტოს.

“ვეტოს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება. ჩვენ შეთანხმებული ვართ ვენეციის კომისიასთან, რომ ეს საკითხები აუცილებლად აისახება საბოლოო დაოკუმენტში, ესენია ბონუსის ამოღება და ბლოკების გაუქმება. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლების გამოყენება. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინიციატივით მარტამდე შევიტანოთ ცვლილებები”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღესვე განცხადებები გააკეთა პრეზიდენტის უმრავლესობასთან შეხვედრის პერსპექტივაზე:

“ჩვენი მხრიდან ძალაში რჩება შეთავაზება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ და თუ იქნებოდა მზადყოფნა პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. მე პირადად გამოვხატე მზადყოფნა, რომ შევხვდებოდი საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით არის დუმილი.

ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება. შესაბამისად, მან უნდა ჩათვალოს საჭიროდ ეს შეხვედრა. აქ საუბარი არაა იმაზე, მე ვიზამ თუ ის იზამს, მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. თუ იქნება მისი მხრიდან შემოთავაზება, პასუხი ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენგან იქნება პოზიტიური პასუხი,” – განაცხადა კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი