ახალი ამბები

ვინ იტყუება ლევან ხაბეიშვილის საქმეში?

3 ოქტომბერი, 2017 • 2574
ვინ იტყუება ლევან ხაბეიშვილის საქმეში?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დღეს პროკურატურას მიმართა და მომხდარის გამოძიება მოითხოვა.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიასთან გამართულ აქციაზე შენობაში ძალით შეათრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებმა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომელსაც ეს უკანასკნელი “ტიტუშკებს” უწოდებს.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მერიის შენობაში ხაბეიშვილის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

თუმცა მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მართლაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი შენობაში იმყოფება. მერიის თანამშრომლები საუბრობენ სასწრაფოს გამოძიების თაობაზეც.

რატომ შეიყვანეს ხაბეიშვილი მერიის შენობაში და რატომ არ გადაიყვანეს ის პოლიციის განყოფილებაში, თუ კანონს არღვევდა? რა მოხდა დროის იმ პერიოდში, რომელიც მერიის კამერას არ აქვს დაფიქსირებული? ამ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

“მერის მოადგილით დაწყებული, პოლიციით დამთავრებული [ყველა] ასულიერებდა, პულსი გაქვს, შვილო, მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, მერიის მიერ გავრცელებული ვიდეო მისი პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულებაა და არა პირიქით.

“ვიდეო იწყება სკამიდან, სკამამდე ხომ მივედი? რატომ წამომაწვინეს? რატომ მეუბებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ? რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენაა საჭირო? პირიქით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ შეუძლოდ ვიყავი, სასწრაფოს იძახებდნენ და მე ვეუბნებოდი, თუ დამაკავეთ, დამაკავეთ, თუ არადა, გამიშვით-მეთქი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.

თავის მხრივ ლევან ხაბეიშვილმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ნამდვილად შეჰყავთ მერიის შენობაში ძალის გამოყენებით.

გუშინ ენმ-ის საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებისგან მოითხოვდნენ შეხვედრას და პასუხებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი