ახალი ამბები

ხუთი წელი წამების კადრების გავრცელებიდან – რა შეიცვალა დახურულ დაწესებულებებში?

4 ოქტომბერი, 2017 • 2640
ხუთი წელი წამების კადრების გავრცელებიდან – რა შეიცვალა დახურულ დაწესებულებებში?

ციხეებში წამების ამსახველი კადრების გაგვრცელებიდან 5 წელი გავიდა, პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად კი, ხარვეზები კვლავ რჩება – ამის შესახებ საუბარია ფონდ ღია საზოგადოება –  საქართველოს მხარდაჭერით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ბესარიონ ბოხაშვლმა მოამზადა.

ხარვეზებზე საუბრობს სახალხო დამცველიც. 3 ოქტომბერს ომბუდსმენმა დაიწყო  საინფორმაციო კამპანია „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც, სხვა აქტივობებთან ერთად, მსხვერპლთა დაცვის სამოქალაქო ქსელი შეიქმნება.

“ბოლო სამი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სახალხო დამცველის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არც ერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია,”- აცხადებს ომბუდსმენი.

ფონდის ანგარიშში საუბარია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი აქვს ციხეებში პატიმრების რაოდენობისა და სიკვდილიანობის შემცირების, ციხეებში პირობების გაუმჯობესების, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით. თუმცა წამების და არასათანადო მოპყრობის აღმოსაფხვრელად ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ეს ანგარიში  ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ორგანოების მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეყრდნობა. ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

სახალხო დამცველს შეზღუდული აქვს ციხეებში ელექტროჩამწერ საშუალებებზე წვდომა

ანგარიშის თანახმად,  მნიშვნელოვან პრობლემდ რჩება სახალხო დამცველისა და ეროვნული პრევენციის მექანიზმის წევრებისათვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეო და ელექტრონული საშუალებებით განხორციელებულ ჩანაწერებზე. ეს წინააღმდეგობაში მოდის სახალხო დამცველის შეახებ კანონთანაც, რადგანაც წარმოადგენს ბარიერს სახალხო დამცველისთვის, რომ ჯეროვნად მიუწვდებოდეს ხელი ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც გაუადვილებს მას წამების ან სხვა სახის არასათანდო მოპყრობის ფაქტების იდენტიფიცირებას.

ანგარიშის თანახმადვე, ჩანაწერების წაშლისა და განადგურების წესი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ პატიმრებთან სახალხო დამცველის რწმუნებულების შეხვედრას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

ბუნდოვანია, რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პატიმრის მიმართ სპეციალური საშუალებები

ანგარიშის თანახმად, როგორც  წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის, ასევე სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს პატიმრობის კოდექსში არსებული “სპეციალური საშუალებების” ფართო ჩამონათვალი და მათი გამოყენების წესებთან დაკავშირებული ბუნდოვანება. ასევე, ისინი მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ ციხეებში პატიმართა სამარტოო/დეესკალაციის საკანში მოთავსებას ხანგრძლივი ვადით ან დასჯის მიზნით მათთვის ხელბორკილების დადებას. წამების საწინაღმდეგო ევროპული კომიტეტის აზრით, ასეთი ტიპის სრული სოციალური იზოლაცია წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას.

არასათანადო მოპყრობის დროული დოკუმენტირების პრობლემა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, პრობლემურია არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და მეთოდური დოკუმენტირება და ექიმის მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის პირდაპირ შეტყობინების საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობა. ანგარიშში წერია ისიც, რომ პატიმრისა და ექიმის შეხვედრის დროს ადმინისტრაციის თანამშრომლის დასწრების პრაქტიკა არღვევს სამედიცინო კონფიდენციალურობას.

წამებასთან მიმართებთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრობლემა

ანგარიშის თანახმად, დაუშვებელია წამების აკრძალვის დანაშაულთან მიმართებაში საპროცესო შეთანხმების გამოყენება იმავე სახით, როგორც სხვა დანაშაულებთან.

“შეწყალება/საპროცესო შეთანხმება არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მიმართებით, რომლებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა სხვა პირების წამებასთან დაკავშირებით, თუნდაც მათ მიერ სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ” – აცხადებს წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი.

ანგარიშს თანახმად, მიუხედავად საერთაშორისო თუ რეგიონული საზედამხედველო ორგანოების მიერ დაწესებული ამ მკაცრი სტანდარტისა, 2013 წელს პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ნაწილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძეს საერთოდ არ შეფარდებია საპატიმრო სასჯელი.

მოსამართლის როლი წამების წინააღმდეგ ბრძოლაში

ანგარიშს თანახმად, გაიზარდა მოსამართლის პასუხისმგებლობა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება „დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების … გარეშე“, თუმცა კვლავაც პრობლემად რჩება საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოსამართლეს არ აძლევს უფლებას, შუამდგომლობის გარეშე ქმედითი ღონისძიებები განახორციელოს, თუკი მას გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული დაექვემდებარა წამებას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას.

“საქართველოს კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მოსამართლის როლი წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მის წინაშე წარდგენისას, თუკი მოსამართლეს წარმოეშობა გონივრული ეჭვი, რომ პირი დაექვემდებარა წამებას ან არასათანადო მოპყრობას, მიეცეს მას შესაძლებლობა, უბრძანოს შესაბამის ორგანოებს ეფექტიანი გამოძიების წარმოება, განახორციელოს პირის დაცვის ღონისძიებები, სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირბეული მასალების მისთვის წარდგენა,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვა და მკურნალობის პრობლემები

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის კუთხით გატარებული რეფორმები, თუმცა საზედამხედველო ორგანოები კვლავაც პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ არსებითი ნაბიჯები არ ყოფილა გადადგმული პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სამოქალაქო ჯანდაცვასთან სრული ინტეგრაციის კუთხით. ანგარიშის თანახმად, ეს ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, შესაბამისი დაზიანებების ჯეროვნად და ზუსტად აღრიცხვაზე. ასევე, კვლავ არასაკმარისია დაწესებულებებში ექიმების და ექთნების რაოდენობა და მათი რეგულარული ვიზიტები.

ანგარიშში მნიშვნელოვან პრობლემად არის გამოყოფილი ექიმის მიერ პაციენტის/პატიმრის შემოწმება ციხის ადმინისტარციის წარმომადგენლის თანდასწრებით. ასევე, კვლავ პრობლემად რჩება ექიმის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ეჭვქვეშ აყენებს პატიმრების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, ექიმის მიერ დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების დროს, მის მიუკერძოებლობას.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოზიტიურ ვალდებულებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია წამების მსხვერპლის დარღვეული უფლებების აღდგენის კუთხით” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშს თანახმად, ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება რაიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანოები ახორციელებენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

დაკავებისა/პატიმრობის პირობები და “მისასალმებელი ცემა” 

ანგარიშის თანახმად, საზედამხედველო ორგანოები კვლავაც ამახვილებენ განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე, სადაც კვლავ ხშირია პატიმრების მიმართ გამოყენებული არასათანადო მოპყრობა.

“ასეთ დაწესებულებათა ჩამონათვალში წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი და სახალხო დამცველი მოიხსენებენ გლდანის მე-8 დაწესებულებას, სადაც ახლად შესახლებულ პატიმრებთან მიმართებაში გამოიყენება ე.წ. მისასალმებელი ცემა (welcome beating), და ბათუმის მე-3 დაწესებულება, რომელში ვიზიტის შემდგომაც როგორც წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ასევე ეროვნული პრევენციის მექანიზმის წევრები აღნიშნავენ, რომ მიიღეს სანდო და დამაჯერებელი ინფორმაცია განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ორგანოების მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია დაკავების/საპატიმრო დაწესებულებებში დადგენილი მინიმალური სტანდარტის 4 კვადრატული მეტრის დაუცველობაზე. ასევე, მათვე განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში და იქ არსებული პირობების გათვალისწინებით დაკავებულ პირთა მცირე ხნით მოთავსება დასაშვებია მაქსიმუმ 72 საათი, მაგრამ იზოლატორებში არსებული პირობები შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან ხსენებულზე მეტი ვადით ადამიანთა მოთავსებისათვის, რაც ხშრად ხდება ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირის შემთხვევაში.

ამავე დროს, სახალხო დამცველის აზრით, კვლავ პრობლემურია პატიმრის სეზონის შესაფერისი ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით მომარაგება, სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით სარგებლობა და სასეირნო ეზოების მოწყობა. ამავე ანგარიშის თანახმად, N14 და N17 დაწესებულებებში, ბარაკის ტიპის საცხოვრებლებში არ არის უზრუნველყოფილი პრივატული გარემო, მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში ცხოვრობენ, რთულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი; გარდა ამისა, ასეთი ტიპის საცხოვრებელი უსაფრთოხების დაცვის თვალსაზრისითაც დამატებით, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის.

წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოძიებასთან დაკავშრებული პრობლემები

“წამების ჩამდენი პირის დაუსჯელობა ყოველთვის ხდება იმის საფუძველი, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაიდენს სამომავლოდ ამ საერთაშორისო დანაშაულს. აუცილებელია, ერთი მხრივ, მოვახდინოთ წამების ეფექტიანი პრევენცია და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს ყველა საჯარო მოხელეს, რომ თუ ისინი ჩაიდენენ არასათანადო მოპყრობას, ამაზე რეაგირება იქნება მკაცრი. 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დაუსჯელობის სინდრომი იყო. თითქმის არც ერთ ფაქტზე არ ხდებოდა რეაგირება და ყველა შემთხვევა დაუსჯელი რჩებოდა, რაც ახალ-ახალი უკანონო ქმედებების ჩადენის დამატებით წამახალისებელი პირობა იყო,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად,  ყველაზე დიდ გამოწვევად საქართველოში გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყების საკითხი რჩება:

“2012 წლამდე და შემდეგაც იუსტიციის მინისტრის ერთი და იმავე შინაარსის ბრძანება მოქმედებს და მის მიხედვით პოლიციელის და პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პროკურატურას. 2012 წლამდეც ამ უწყებას ჰქონდა ეს უფლებამოსილება და, სამწუხაროდ, მათ მიერ გამოძიებული დანაშაული და დასჯილ პირთა რიცხვი თითქმის ნულოვანი იყო,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა

ანარიშის თანახმადვე, 2012 წლის შემდეგ არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, წამების გამოსაძიებლად შესაბამისი მექანიზმი შეექმნა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული და სრულიად უნდა ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინა სრულფასოვანი, ჯეროვანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სისხლისამართლებრივი დევნა და გამოძიება.

“2014 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა 91-ჯერ მიმართეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. ამ მიმართვიანობის შედეგი ისეთივეა, როგორც ეს იყო 2012 წლამდე – მხოლოდ 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და არც ერთ საქმეზე არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი რომელიმე პირის მიმართ… არასამთავრობო ორგანიზაციათა და საქართველოს სახლხო დამცველის სტატისტიკა პირიქით ადასტურებს იმას, რომ 2014 წლის შემდეგ ჩადენილი შესაძლო ფაქტების მიმართ პროკურატურას მინიმალური ეფექტურობა აქვს,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

_MG_9868

 

რეკომენდაციები წამებისა და არასთანადო მოპყრობის აღმოსაფხვრელად

ანგარიშში ხელისუფლების ორგანოებისთვის რეკომენდაციებია მოცემული:

  •  პრევენციის ეროვნულ მექანიზმს მიეცეს დაუბრკოლებელი შესაძლებლობა გაეცნოს ვიდეო და ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ ვიდეოჩანაწერებს და მათი პატიმრებთან შეხვედრის ვიდეომეთვალყურეობის არსებული წესი უნდა შეიცვალოს და მიყურადება მხოლოდ მაშინ განხორციელდეს, თუკი პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვს აღნიშნულს (მოსმენის გარეშე);
  • აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანებები პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით; • აღკვეთილ იქნას პატიმართა სამარტოო/დეესკალაციის საკანში ხანგრძლივი ვადით პირთა მოთავსება ან დასჯის მიზნით ხელბორკილების დადება;
  • აღკვეთილ იქნას ადმინისტრაციის თანამშრომლების (როგორც წესი/ბლანკეტურად ყველა შემთხვევაში) დასწრება პატიმართა სამედიცინო შემოწმებისას;
  • დაზუსტდეს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებიც ეხება წამებას და არასათანადო მოპყრობას, რათა აღმოიფხვრას გარკვეული ბუნდოვანებები, გარკვეული გადაფარვები, რომლებიც მუხლებს შორის არსებობს და ასევე დაემატოს კანონს შესაბამისი დებულებები, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში იქნება წამებასთან;
  • გაიზარდოს მოსამართლის როლი წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მის წინაშე წარდგენისას, თუკი მოსამართლეს წარმოეშობა გონივრული ეჭვი, რომ პირი დაექვემდებარა წამებას ან არასათანადო მოპყრობას, მიეცეს მას შესაძლებლობა უბრძანოს შესაბამის ორგანოებს ეფექტიანი გამოძიების წარმოება, განახორციელოს პირის დაცვის ღონისძიებები, სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირბეული მასალების მისთვის წარდგენა;
  • განხორციელდეს/დაჩქარდეს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირება;
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები;
  • ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა პატიმრობა მოიხადონ ისეთ პირობებში, რომლებიც შესაბამისია ხანგრძლივი პატიმრობისათვის;
  • წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიზნით შეიქმნას სამართალდამცველი უწყებებისგან სტრუქტურულად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც ექნება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილება

მასალების გადაბეჭდვის წესი