ახალი ამბები

კახა კუკავა: თბილისს დეურბანიზაცია სჭირდება

2 ოქტომბერი, 2017 • 3033
კახა კუკავა: თბილისს დეურბანიზაცია სჭირდება

2 ოქტომბერს კიკვიძის პარკის მედიათეკაში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მორიგ დისკუსიაში ამჯერად დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა მონაწილეობდა, რომელმაც წინასაარჩევნო ხედვებზე ისაუბრა.

დისკუსიის მსვლელობისას მერობის კანდიდატი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიც არის ქალაქის ურბანული მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თბილისის დეურბანიზაციის აუცილებლობა.

“რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, პირობითად ის დაყოფილი გვაქვს რამდენიმე ბლოკად, მათ შორის არის სოციალური ბლოკი. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ თბილისის ბიუჯეტი არის ხელახლა დასაგეგმი. ჩვენ კონკრეტულად გვაქვს გაწერილი, თუ რა სჭირდება თბილისის მოსახლეობას. ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას. ვაპირებთ უსახლკაროებისთვის სოციალური სახლის შექმნას, უფასო სასადილოების დაფინანსების ზრდას.”

კახა კუკავამ განაცხადა, რომ მისი საარჩევნო პროგრამის მეორე ბლოკი მთლიანად ეთმობა ქალაქის განვითარებას. მან ხაზი გაუსვა თბილისში მოსახლეობის მზარდ ოდენობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია დაიწყოს ქალაქის დეურბანიზაციის პროცესი, რადგან “ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 30% თბილისში ცხოვრობს, ნორმალური არ არის.”

“თბილისის მოსახლეობა აღარ უნდა გაიზარდოს; ამ სივრცეში, ამ ინფრასტურქტურაში, შეუძლებელია, რომ მოსახლეობის ზრდა და შენობების მშენებლობა გაგრძელდეს. საცხოვრებელ ფართებზე, ახალ კორპუსებზე ნებართვები აღარ უნდა გაიცეს. გამონაკლისის სახით, შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი პროექტი, როგორიც არის “დირსი”, როდესაც შენდება მთლიანი ახალი უბანი. უკვე არსებულ გამზირებზე და ქუჩებზე ჩადგა ახალი 16-სართულიანი კორპუსი, არის მავნებლობა,” – ამბობს მერობის კანდიდატი. 

გარდა ამისა,  მან განაცხადა, რომ თბილისის დეორგანიზაცია და განტვირთვა უნდა მოხდეს რეგიონების ხარჯზე. მნიშვნელოვანი საჯარო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისეთი, როგორიც არის უნივერსიტეტი, კუკავას პროგრამის მიხედვით, ქალაქგარეთ უნდა გავიდეს, რაც ხელს შეუწყობს როგორც თბილისის, ასევე რეგიონების განვითარებას.

რაც შეეხბა იმ ფაქტს, რომ მშენებლობაზე დასაქმება თბილისის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, მან განმარტა, რომ დაუშვებელია ერთი მხარის ინტერესი მოსახლეობის ფილტვების ხარჯზე კმაყოფილდებოდეს.

პროგრამი პრეზენტაციისას კახა კუკავამ ისაუბრა ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც და ხაზი გაუსვა, რომ მწვანე საფარის, ავტომაგისტრალებისა თუ ავტოსადგომების შექმნა ქალაქის პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს. გარდა ამისა, ის შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც და ეკოლოგიურად სუფთა მანქანების ფართო გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

“ჩვენი მიდგომაა, მოკლევადიან, 2-წლიან პერსპექტივაში მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლება, ხოლო შემდეგ ტრამვაის ხაზის გაყვანაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა იყოს კერძო და ეს არ უნდა იყოს ბიზნესი. ამას სჭირდება ახალი მიდგომა, ტენდერები, ამას სჭირდება დრო, რომ მოსახლეობა, რომლის შემოსავალის წყაროც მიკროავტობუსებია, უმუშევრად არ დარჩეს. ეს არ უნდა იყოს ქირურგიული პროცესი.” -განაცხადა კახა კუკავამ

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და მერის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დანიშნული. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ: კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ენმ), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი), ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), კახა კუკავა (ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა – დავით უსუფაშვილი), გიორგი ვაშაძე (ერთობა – ახალი საქართველო), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია).

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ, კიკვიძის მედიათეკაში შეხვედრა გამართა. 2 ოქტომბერი, თბილისი, 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ, კიკვიძის მედიათეკაში შეხვედრა გამართა. 2 ოქტომბერი, თბილისი, 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი