საქართველოს პრეზიდენტი ლას ვეგასის თავდასხმის გამო შეშფოთებულია

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს, მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

“შეძრწუნებული ვარ ლას ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს,” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ლას ვეგასში დღეს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანია დაღუპული, 100 კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას სააგენტო “AP” ადგილობრივ პოლიციზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე სააგენტო “Reuters” ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაწესებულებაში მოთავსებულ დაშავებულთაგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში ერთი ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც უკვე განეიტრალებულია, თუმცა საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უწყება მოსახლეობას ინციდენტის ადგილთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

შეიარაღებული თავდასხმა მუსიკალურ ფესტივალზე, ლას ვეგასის ერთ-ერთ გადატვირთულ უბანში მოხდა, სადაც სასტუმროები, კაზინოები და სხვა გასართობი დაწესებულებებია განლაგებული. CNN-ის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათეულობით გასროლა განხორციელდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფი ადამიანები პანიკამ მოიცვა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამედიცინო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. ტვიტერის მიკრობლოგზე განცხადება გაავრცელა ლას ვეგასის აეროპორტის ადმინისტრაციამ, რომლის მიხედვითაც ფრენები შეიზღუდა. ის დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ფრენების შეცვლილ განრიგს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.