ახალი ამბები

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ვალი 2 მილიარდით იზრდება

2 ოქტომბერი, 2017 • 2531
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ვალი 2 მილიარდით იზრდება

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ვალის მოცულობას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფოს მზარდი ვალი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, ხარჯების არაეფექტურობიდან გამომდინარე, საშინაო თუ საგარეო ვალის დაფარვის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

“შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა იძირება ვალებში. 2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით იზრდება 950 მილიონით და ამ მილიონებში არ მოიძებნა არც ერთი თეთრი პენსიონერებისთვის და მასწავლებლებისთვის. ფული არის დაქსაქსული უამრავ არაეფექტურ ხარჯზე და ის არ აისახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე. ეს ბიუჯეტი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის მაკროეკონომიკური არასტაბილურობის შედეგი. ის ვერ იმოქმედებს ფასების სტაბილურობასა და ვალის სტაბილურობაზე. მთავრი პრობლემა არის არა ბიუჯეტი, არამედ ის ეკონომიკური შეცდომები, რომლებიც ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანამ აიღოს უზარმაზარი ვალები. ეს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუჯეტი არ მოუტანს ქვეყანას სიკეთეს”, – ამბობს გოცირიძე.

მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რომელიც ამბობს, რომ ვალის დაფარვის ამჟამინდელი მაჩვენებელი უპრეცედენტოა. მისი განცხადებით, ვალად აღებული თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება.

“თუ ჩვენ შევადარებთ 2017 წლის მონაცემებს, დავინახავთ, რომ ვალის მოცულობა გაზრდილია, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვალის დაფარვის მაჩვენებელი. 760 მილიონი ლარით იფარება ვალი, რაც არის უპრეცედენტო და ყველაზე მაღალი მოცულობა, რაც განხორციელებულა ამ პერიოდში. ვალს რაც შეეხება, არაერთხელ გაკეთდა განმარტება, რომ მისი აღება ხდება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება თვითონ ვალის მდგრადობას, მისი ანალიზი წარმოდგენილია ბიუჯეტთან ერთად და შეადგენს 45%-ს. ანალიზიდან ჩანს, რომ ნებისმიერი შოკის გაანალიზებისას ჩვენ არ მივუახლოვდებით იმ მაჩვენებელს, რომელიც ორგანული კანონითაა წარმოდგენილი და შეადგენს 60%-ს”, – განუცხადა კაკაურიძემ მედიას.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ვალის ზღვრული მოცულობა 18 მილიარდ 123 მილიონ 400 000 ლარია, მათ შორის საგარეო ვალი 14 მილიარდ 195 მილიონს აჭარბებს. 2017 წელს სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს გარანტიით აღებული საგარეო კრედიტების ზღვრული მოცულობა იყო 12 მილიარდ 346 მილიონ 680 ათასი ლარი.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები.

მასალების გადაბეჭდვის წესი