ახალი ამბები

დეზინფორმაცია და უთანასწორობა – NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

2 ოქტომბერი, 2017 • 1780
დეზინფორმაცია და უთანასწორობა – NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

“მშვიდობიანი, მაგრამ არაკონკურენტული” – ასე აფასებს NDI საქართველო წინასაარჩევნო გარემოს. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 29 აგვისტო – 25 სექტემბრის წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს.

NDI-ის ანგარიში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, დაფინანსებაზე, ქალთა მონაწილეობაზე, მათ შორის, საუბარი არის დეზინფორმაციაზეც.  აქ საუბარია, რომ ამ დრომდე სისტემური სახე  არ აქვს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები.

დეზინფორმაციის მაგალითად NDI-ის  მოჰყავს ფეისბუკზე გავრცელებული ვიდოები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ თითქოსდა პარტია “ნაციონალური მოძრაობა” უგროვებდა ხელმოწერებს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს.

ასევე, ამბროლაურში, მარნეულში, თბილისსა და ზუგდიდში რამდენიმე პარტია საუბრობდა  ფეისბუკით, ვებგვერდებითა და ტელევიზიით მათ წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. “ქართულმა ოცნებამ” ტელეკომპანია რუსთავი 2 პარტიისა და თბილისის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური იკვლევს ფეისბუკზე გავრცელებულ რამდენიმე დასპონსორებულ პოსტს, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატებს ან პარტიებს უჭერენ მხარს. თუმცა არ არის ნათელი დაფინანსების წარმომავლობა, რის საჯაროობასაც კანონი ითვალისწინებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცესკომაც განაცხადა, რომ იყო დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლი, რაც მიზნად ისახავდა მათი მუშაობის დისკრედიტაციას. “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ საქმეზე ცესკომ ტელეკომპანიას საარჩევნო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლა. სასამართლომ საქმეზე ცესკოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე ანგარიშში საუბარია, რომ მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” სრული შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. “ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის – სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის.

NDI-ის წინასწარი ანგარიშის თანახმად, ოპოზიციური პარტიები ასევე პრობლემურად ასახელებენ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მმართველის პარტიის მხრიდან დაშინებისა და საარჩევნო კომისიების მიკერძოებული დაკომპლექტების ფაქტებს. თუმცა, დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები ფორმალური საჩივრების წარდგენისგან თავს იკავებენ. ისინი აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ.

“მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს. აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ,”- აცხადებს NDI.

NDI-ის ცნობით, სადამკვირვებლო მისია შედგება მისიის კორდინატორისგან, 12 გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლისგან და ორი ანალიტიკოსიდან, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას აკვირდებიან. 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდში მისია 64-დან 59 საარჩევნო ოლქს ეწვია და 350-ზე მეტი შეხვედრა გამართა მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მისიის წევრები ასევე დაესწრნენ კამპანიის ღონისძიებებს, საარჩევნო კომისიის სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.  არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი