ენმ-ის წევრები მერიასთან პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ

თბილისის მერიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) აქცია მიმდინარეობს. პარტიის წარმომადგენლები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მერიის მაღალჩინოსნებისგან მოითხოვენ, შეხვდნენ ენმ-ის წარმომადგენლებს და უპასუხონ მათ კითხვებს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

ენმ-ის აქცია მერიასთან 02.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ენმ-ის აქცია მერიასთან 02.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ენმ-ის აქცია მერიასთან 02.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ენმ-ის აქცია მერიასთან 02.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ ნიკა მელია და პარტიის სამი დეპუტატი საკრებულოში, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს, რომელსაც შენობის შესასვლელთან კორდონი აქვს მოწყობილი.

როგორ პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, აქციის მიზანია, საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება მერიას არ მისცენ. აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტეს. ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

“ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ მხოლოდ ერთი მიზნით, არ მივცეთ საშუალება თბილისის მერიას, აღასრულოს ის უკანონო გადაწვყეტილება, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ სამარცხვინო ვითარებაში მიიღო რამდენიმე დღის წინ […]. რა იყო მაშინ ჩვენი მოთხოვნა, რომ დღის წესრიგიდან ამოეღოთ ეს საკითხი დ ისე გაეგრძელებინათ მუშაობა. [თუმცა] ვერ გაუბედეს ბატონს, რომ რამდენიმე დღით მაინც გადაედოთ ეს საკითხი. იმ დღეს თბილისელებს თავს ლაფი დაგვასხეს, მაგრამ არავის ეგონოს რომ თბილისი ამას მოითმენს” – ამბობს უდუმაშვილი.

აქციის მონაწილეები თბილისის მოქმედ მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.