ახალი ამბები

შეიარაღებული თავდასხმა ლას ვეგასში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

2 ოქტომბერი, 2017 • 2004
შეიარაღებული თავდასხმა ლას ვეგასში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

ლას ვეგასში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანია დაღუპული, 100 კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას სააგენტო “AP” ადგილობრივ პოლიციზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე სააგენტო “Reuters” ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაწესებულებაში მოთავსებულ დაშავებულთაგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში ერთი ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც უკვე განეიტრალებულია, თუმცა საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უწყება მოსახლეობას ინციდენტის ადგილთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

შეიარაღებული თავდასხმა მუსიკალურ ფესტივალზე, ლას ვეგასის ერთ-ერთ გადატვირთულ უბანში მოხდა, სადაც სასტუმროები, კაზინოები და სხვა გასართობი დაწესებულებებია განლაგებული. CNN-ის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათეულობით გასროლა განხორციელდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფი ადამიანები პანიკამ მოიცვა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამედიცინო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. ტვიტერის მიკრობლოგზე განცხადება გაავრცელა ლას ვეგასის აეროპორტის ადმინისტრაციამ, რომლის მიხედვითაც ფრენები შეიზღუდა. ის დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ფრენების შეცვლილ განრიგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი