ახალი ამბები

დაუდასტურებელი ცნობით, აუდიტის სამსახურის მოადგილის პოსტს მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი ინარჩუნებს

2 ოქტომბერი, 2017 • 2062
დაუდასტურებელი ცნობით, აუდიტის სამსახურის მოადგილის პოსტს მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი ინარჩუნებს

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პირველი მოადგილე აღარ არის. ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნის შემდეგ უფლებამოსილება მის მოადგილეებს შეუწყდათ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მექვაბიშვილმა ლომჯარიასთან და დევი ვეფხვაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.

როგორც ლომჯარია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ აუდიტის სამსახურის ახალმა უფროსმა დღეს დილით შეატყობინა.

ლომჯარია ამბობს, რომ მიზეზი  მისთვის უცნობია.

“არ მაქვს პასუხი, გულწრფელად გეუბნებით. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს”, – ამბობს ლომჯარია.

“მე ვკურირებდი პარტიების პოლიტიკურ დაფინანსებას, სტრატეგიულ დაგეგმარებას,  ბიუჯეტის ანალიტიკას, ხარისხის უზრუნველყოფას, აჭარის დეპარტამენტს, ადმინისტრაციას, სადაც წერილები შემოდის”, – აცხადებს ლომჯარია, რომელსაც ვკითხეთ, რა თემებს კურირებდა ის აუდიტის სამსახურში.

აუდიტის სამსახურში მუშაობას ასევე აღარ გააგრძელებს დევი ვეფხვაძე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აუდიტის სამსახურში მოადგილის თანამდებობაზე რჩება ნოდარ ჯავახიშვილი.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებს დღეს უნდა შეხვდეს და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ნეტგაზეთმა ნოდარ ჯავახიშვილთან და ირაკლი მექვაბიშვილთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი