ახალი ამბები

საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე ვერ დანიშნა

2 ოქტომბერი, 2017 • 1434
საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე ვერ დანიშნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი განიხილა, თუმცა თავმჯდომარე ვერ დანიშნა, მოვალეობის შესრულება კი თემურ გოგოხიას დააკისრა.

ამ ვაკანსიაზე საბჭო ორ კანდიდატს განიხილავდა. ბადრი შონიას კანდიდატურა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ჩავარდა. რაც შეეხება თემურ გოგოხიას, იმის გამო, რომ სამოსამართლეო საქმიანობის 9 თვე ჰქონდა დარჩენილი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ თავმჯდომარე ხელახლა ეყოლება დასანიშნი. ამიტომ ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცა. ამ დროში კი ახალ თავმჯდომარეს დანიშნავს.

“განვიხილეთ, პირველ რიგში, ბადრი შონიას კანდიდატურა, რომელიც კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არ დაინიშნა. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილავდით ბატონ თემურ გოგოხიას საკითხს. როდესაც თავმჯდომარემ და საბჭოს წევრებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, დაგვენიშნა მოვალეობის შემსრულებლად და დავკვირვებოდით იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ყველაზე დიდ, 41 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიასთან, რომელშიც იყო რაღაც პრობლემები და საბჭო ზრუნავს გამოსწორდეს, თუნდაც საქმეთა სიმრავლე და ძველი საქმეების დაგროვება, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდეთ ბატონ თემურ გოგოხიას და შემდეგ ვიმსჯელოთ თავმჯდომარის დანიშვნის საკითხზე,” – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის წესრიგის მიხედვით, საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის საკითხზეც იმსჯელა და ამ მოვალეობის შესრულება მიხეილ ჩინჩალაძეს დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი