ახალი ამბები

კატალონიაში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა

1 ოქტომბერი, 2017 • 1558
კატალონიაში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა

კატალონიის რეფერენდუმი, რომელმაც რეგიონის ესპანეთისგან გამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ქაოსში გადაიზარდა. პოლიციის რეიდის შედეგად ათეულობით ადამიანია დაშავებული.  კატალონიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მათი უმეტესობა  მსუბუქადაა დაშავებული.

 

 

ბარსელონის ვიცემერის განცხადებით, პოლიციამ უკანონო რეფერენდუმში მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ქალაქ გირონაში, სადაც კატალონიის პრეზიდენტი ხმის მისაცემად იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნის შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ისე შევიდნენ.

“კანონის შესაბამისად, პოლიციას საარჩევნო ყუთები გამოაქვს, რადგან ეს რეფერენდუმი უკანონოა,”- წერს ტვიტერზე ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

პოლიციას ძალის გამოყენებით საარჩევნო უბნებიდან ასობით ადამიანი გამოჰყავს, რომლებიც სკანდირებენ- ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა ვართ. რეგიონში, საარჩევნო უბნებთან ახლოს, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კატალონია ესპანეთის მდიდარი რეგიონია. მას აქვს  საკუთარი ხელისუფლება, რომელსაც გენერალიტეტს უწოდებენ. რეგიონის ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლება და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და გადასახადების აკრეფა.

კატალონიაში მცხოვრები ნაციონალისტები აცხადებენ, რომ ისინი ცალკე ეროვნებას წარმოადგენენ, რომლებსაც აქვთ საკუთარი კულტურა, ისტორია და  ენა. კატალონიის შემოსავლები ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში მიდის. დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შემოსავლების განაწილების რთული მექანიზმი უასამართლოა და კატალონიის შემოსავლით ესპანეთის სხვა რეგიონების სუბსიდირება ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი