კატალონიის რეფერენდუმი ფოტო: EPA-EFE/Alberto Estevez

კატალონიის რეფერენდუმი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 1 ოქტომბერს, კატალონიაში  რეფერენდუმი იმართება, რომლითაც რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს. კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის და რეფერენდუმზე მოქალაქეების მაღალ აქტიურობას ელიან.

ესპანეთის ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, კატალონიაში რეფერენდუმი უკვე დაიწყო, თუმცა პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. BBC ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანან სამართალდამცავები, რომლებიც საარჩევნო უბნის ფანჯარას ამტვრევენ და შენობაში შედიან.

ესპანეთის ხელისუფლება და საკონსტიტუციო სასამართლო კატალონიის რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება და მას უკანონოს უწოდებს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ხელისუფლებამ რეგიონში  ათასობით პოლიციელი გაგზავნა.  პოლიციას დაევალა, საჯარო შენობებში საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობა კატალონის ხელისუფლებას არ მისცეს.  

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია.

კატალონიაში ზოგიერთ რაიონში პოლიცია ამომრჩეველებს შესაძლებლობას არ აძლევს, საარჩევნო უბნებთან მივიდნენ.

სკოლის შენობებში, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გამაგრდნენ. ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფერმერებმა ტრაქტორებიც მიიტანეს.

კატალონია ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მდიდარი რეგიონია, რომლის მოსახლეობა 7.5 მილიონია. რეგიონს აქვს ავტონომია, თუმცა ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, კატალონიელები  დამოუკიდებელ ერად არ არიან აღიარებული.

კატალონიაში მცხოვრებლები ესპანეთის მოსახლეობის 16% შეადგენენ. ქვეყნის ექსპორტის 25.6% და GDP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% კატალონიაზე მოდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.