ნიქაბი. ლიცენზია: CC

ავსტრიაში ნიქაბისა და ბურქას ტარება აიკრძალა

1 ოქტომბრიდან ავსტრიაში ოფიციალურად აიკრძალება ისეთი ნაჭრისა თუ თავსაბურავის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტარება,  რომელიც სახეს მთლიანად ფარავს. აკრძალვა ძირითადად ნიქაბისა და ბურქის ტარებას ეხება.

მიღებული კანონის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ ის თავსაბურავი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს შუბლიდან ნიკაპამდე. აღსანიშნავია, რომ ნიქაბიცა და ბურკაც  სამოსის ამ კატეგორიაში  არ შედის, რადგან ორივე სახეს ბოლომდე (ბურქა) ან ნაწილობრივ (ნიქაბის ტარებისას ჩანს მხოლოდ თვალები) ფარავს. თუმცა ჰიჯაბს (თავსაფარი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს) კანონი არ კრძალავს.

გარდა ტრადიციული მუსლიმური სამოსისა, კანონმა აგრეთვე აკრძალა სამედიცინო ნიღბები, ბალაკლავები, რესპირატორები და ჯამბაზების ნიღბები. თუმცა, ზოგიერთი მათგანის ტარება დასაშვებია სამედიცინო დანიშნულების მიხედვით, პროფესიული საქმიანობისას თუ კარნავალებზე.

ავსტრიის  ხელისუფლების განცხადებით, ახალი კანონი მიმართულია ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ, თუმცა მუსლიმურმა საზოგადოებამ დაგმო აკრძალვა და აღნიშნა, რომ ავსტრიაში ნიქაბსა და ბურკას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ატარებს, მათი ცნობებით, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 150 ქალი.

ნიქაბი. ლიცენზია: CC

ნიქაბი. ლიცენზია: CC



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან