ახალი ამბები

საკრებულოში დაკავებული ენმ-ის წევრის სასამართლო 18 ოქტომბრამდე გადაიდო

30 სექტემბერი, 2017 • 1722
საკრებულოში დაკავებული ენმ-ის წევრის სასამართლო 18 ოქტომბრამდე გადაიდო

თბილისის საკრებულოში დაკავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამაზ მამედოვი გაათავისუფლეს, მისი სასამართლო პროცესი კი გადადო.

შემდეგი სასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება. როგორც ლილო-ორხევი-აეროპორტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე ბიკაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მისი შტაბის წევრის, თამაზ მამედოვის პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ჰქონდა წარმოდგენილი, რის საფუძველზე დააკავეს თამაზ მამედოვი.

თამაზ მამედოვი გუშინ, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოში დააკავეს, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე მუხლების [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] დარღვევა ედავება პოლიცია.

თამაზ მამედოვმა “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ პოლიციამ მისი უფლებები დაარღვია.

“პოლიცია გვეცა და დაიწყო დაკავებები. პოლიცია ძალიან უხეშად გვექცეოდა, რისი მაგალითიც არის, აგერ, სახე მაქვს დაფხაჭნილი. გამიყვანეს გარეთ, მეორე დარბაზში და პოლიცის უფროსი ჩემზე პრაქტიკებს ატარებინებდა შეგირდებს”, – განაცხადა თამაზ მამედოვმა.

“მოსამართლე თავისი ინიციატივით გამოითხოვს ინფორმაციას საკრებულოდან. პოლიციელებს მოსამართლემ პირდაპირ მიუთითა, რომ წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები ვიდეომასალის სახით, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ თამაზ მამედოვი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ”, –  უთხრა “რუსთავი 2”-ს ლევან დავითაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი