ახალი ამბები

დაპირისპირება კუმურდოში მრევლსა და სპეცრაზმს შორის

30 სექტემბერი, 2017 • 3333
დაპირისპირება კუმურდოში მრევლსა და სპეცრაზმს შორის

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაძაბულობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურდა კუმმურდოს ტაძარში შესვლა და ეზოში მდებარე საფლავზე ქვაჯვარის დადგმა, რისი საშუალებაც არ მისცა პოლიციამ.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ამას მოჰყვა დაძაბულობა, მოქალაქეები პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 2 ადამიანი, თუმცა “ნეტგაზეთთან” შსს-მ ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

დაპირისპირება კუმურდოში. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

დაძაბულობა დილიდან დაიწყო, კუმურდოში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მოსახლეობას შეხვდა. როგორც “სამხრეთის კარიბჭე” იუწყება, შეხვედრა უკვე დასრულდა, ვითარება შედარებით დამშვიდდა.

კუმურდოში ასევე ჩავიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე საკითხის გასარკვევად.

ანთიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეკლესიის რეაბილიტაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის 964 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსი აქვს.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, რეაბილიტაციის დროს ეკლესიის ეზოში აღმოაჩინეს ნამარხები. სომეხი მართლმადიდებლების თემმა კი მიიჩნია, რომ მათი წინაპრები არიან და ეკლესიის ეზოშივე დაასაფლავა. სწორედ ამ საფლავზე სურდათ მათ ქვაჯვარის დადგმა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

“ნეტგაზეთი” დამატებით დეტალებს ამ საკითხის შესახებ გარკვევისთანავე მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი