თბილისის მერია

ნაციონალური მოძრაობა 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიასთან 2 ოქტომბერს აქციას გამართავს.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა გამართულ ბრიფინგზე.

“იმ მომენტიდან, როდესაც გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწყვიტეთ დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არ არის რიტორიკა, ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ ქართული ოცნების ხელისუფლებას და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. არ შევეგუებით იმას, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი “პანორამა თბილისი” ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ არ ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას არჩევნებამდე, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენი პროტესტი იქნება უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო ძლიერი და უფრო ხმამაღალი. ამიტომ ჩვენ დღეს ვაანონსებთ აქციას ორშაბათს, ორ საათზე თბილისის მერიასთან. ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს და არა მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს, არამედ უჭერს თბილისს – ჩვენს საერთო სახლს. ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობას და ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დააანაონსა. გუშინ, 29 სექტემბერს, საკრებულომ მხარი დაუჭირა თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლას, რათა იქ მშენებელობა შესაძლებლი გახდეს.

გუშინ, საკრებულომ მიიღო მეორე გადაწყვეტილება, რომლითაც 4 700 მ2-ის ფართობს მიწის ნაკვეთს შეუცვალა ზონალური სტატუსი, რათა იქ შესაძლებელი გახდეს მშენებლობა. საქმე ეხება “თაბორი რიზორთსის” 40 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულმიწის ნავკეთს, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს. ორივე მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com