12087

ჭიაბერაშვილი: ფასების ზრდა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ფასების მატება “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

“იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებისა, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 281 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 5.7% შეადგინა.

განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთ ჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც, ამბობს ჭიაბერაშვილი.

“ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება. მხოლოდ 4.3%-იანი ზრდა აგვისტოში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა”, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც  გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com