ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

27 სექტემბრის კარნავალიზაცია – დავით ჯიშკარიანი

30 სექტემბერი, 2017 • 7197
27 სექტემბრის კარნავალიზაცია – დავით ჯიშკარიანი

ერს, როგორც ერთობას, აქვს დღეები, რომლებსაც ისტორიული მოვლენების კარნავალიზაციისათვის იყენებს. ასეთ შემთხვევაში ფორმას და ემოციას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ამ დღის მნიშვნელობას. მსგავსი თარიღების ნაკლებობას არც ჩვენ განვიცდით. ერთ-ერთი ასეთი დღე კი 27 სექტემბერია, რომელიც განსაკუთრებული პომპეზურობით ორ ქალაქში- სოხუმსა და თბილისში აღინიშნება. აფხაზებისთვის ის სოხუმის განთავისუფლების დღეა, ხოლო ქართველებისთვის – სოხუმის დაცემის.  ორივე აღნიშვნა იმედგაცრუებითაა გამოწვეული და პოლიტიკური ელიტების ნაციონალური ამპარტავნების დაკმაყოფილებას ემსახურება. ამ დღის კარნავალიზაცია კი საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში იწყება.  

1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული სამხედრო კონფქლიქტი აფხაზეთში 13 თვეს გაგრძელდა. ომისათვის აფხაზები უკეთესად აღმოჩნდნენ მობილიზირებულნი და ხანგრძლივი, საკმაო მძიმე ბრძოლების შემდეგ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს მთელ აფხაზეთზე. ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დევნა ნაციონალური ნიშნით ამ დროის აფხაზეთში ყოველდღიური ნორმა იყო. საომარ მოქმედებამდე და მის შემდეგაც ორი ერის წარმოამდგენლები ათწლეულები იბრძოდნენ, რომ დაემტკიცებინათ საკუთარი ეთნოსის უპირატესობა და რიცხობრივი დომინაცია  ამითაა განპირობებული დისკუსიები, ვინ დასახლდა პირველი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რა ენაზე საუბრობდნენ, როგორია ტოპონიმიკა და ა.შ ეს ყველაფერი იმიტომაა საჭირო, რომ საკუთარ ეთნოსს დაეხმარო პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში. ომის შემდგომ აფხაზურ მხარეს, ერთი შეხედვით, უნდა დაეკმაყოფილებინა ნაციონალური სენტიმენტები, თუმცა პოლიტიკურ გამოწვევებთან ბრძოლაში ისინიც უძლურნი აღმოჩნდნენ.

1990-იანი წლებში აფხაზეთიდან დევნილი ეთნიკური ქართველების მობილიზაციას ვერ მოახდენდა სამოქალაქო ომში ჩაბმული ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც თავისი გასაჭირი ჰყოფნიდა. ამ საკითხში ასევე უძლური იყო აფხაზეთის ე.წ ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც გამუდმებულ კორუფციულ სკანდალებში იყო გახვეული და რომელსაც ლეგიტიმაციის ძალიან დაბალი ხარისხი გააჩნდა. ის, თავის მხრივ, საკუთარი პრივილეგიების შენარუნებისა და თბილისში დამკვიდრებისთვის იბრძოდა.  ცდილობდა უცვლელად შეენარჩუნებინა ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტები, თანამშრომლები, ფუნქცია და წვდომა ეკონომიკურ რესურსებზე.  თუმცა საზოგადოების მხრიდან უნდობლობისა და ლეგიტიმაციის არარსებობის გამო ის ვერ ასრულებდა „ტანჯული“ ხალხის დამცვლების ფუნქციას, თუმცა ამის მცდელობა ჰქონდა და დღესაც აქვს. ზუსტად ამიტომ,  ნაციონალური სენტიმენტების და ტერიტორიული მთლიანობის, საკუთარ სახლებში დაბრუნების ილუზიის შესაქმნელად იწყება 27 სექტემბრის მითოლოგიზაცია.

2003 წელს გამომავალ ჟურნალ ნაკადულში გამოქვეყნდა დავით ჯიშკარიანის, ანუ ჩემი, მაშინ კი მეათე კლასისი მოსწავლის სტატია სახელწოებით „ჟიული შარტავა -90-იანი წლების ხმელი წიფელი“. უნდა ვაღიარო, ამ ამბით მაშინ ძალიან ვამაყობდი. 17 წლის თინეიჯერი აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ 27 სექტემბერს, როდესაც სოხუმი ქართველებმა დატოვეს, მინისტრთა საბჭოს დარჩენილმა ადამიანებმა არ მიატოვეს ქალაქი, ვაჟკაცურად „ეწამნენ სამშობლოსთვის“ და შეუნარჩუნეს ქართველებს ღირსება. ეს იმ საზოგადოებრივი ტრავმის ნაწილია, რომელშიც აგერ უკვე 20 წელზე მეტია ვცხოვრობთ, ხელისუფლებები იცვლებიან, პრობლემის გადაჭრა და რეალობის შეფასება კი ვერ ხერხდება. ამიტომ ხდება ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანთა ჰეროიზაცია. საზოგადოებაში იმედის ჩასახვა, რომ „მსგავსი გმირები“ შეძლებენ იმას, რასაც სახელმწიფო, როგორც ინსტიტუცია, ვერ ახერხებს. 2003 წელს საქართველოს სკოლებში გაჩნდა სტენდები, სადაც შარტავა და მისი თანამებრძოლები იყვნენ გამოსახულნი.  თუმცა მას შემდეგ, რაც ჟიული შარტავას ვაჟი კახა შარტავა, მოგვიანებით, კიდევ ერთ დაღუპულის, მამია ალასანიას შვილი ირაკლი ალასანია ხელისუფლებასთან ოპოზიციაში აღმოჩდნენ, სკოლებში ეს სტენდები ეტაპობრივად, ბოლოს  კი სრულიად გაქრა.

1994 წლის 27 სექტემბერს  ედუარდ შევარდნაძე არ არღვევს ტრადიციას და ყოველ  ორშაბათს მედიასთან ურთიერთობას უთმობს. ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილურობისაკენ და ეს  ახალი, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. 1994 წლიდან მოცემულ ნარატივში კი ახალი ცვლილებები ხდება და შარტავა და მისი გარემოცვა საქართველოს მედიაში პოპულარობას წელიწადში ერთხელ, 27 სექტემბერს, აგერ უკვე 24 წელია არ კარგავს. ამასობაში კი 27 სექტემბერი მითოლოგიურ თარიღად იქცა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც კარნავალიზაციის დეკორატიული ფუნქცია შეიძინა და მეტი არაფერი.

საქართველოს პოლიტიკური ელიტისათვის ის ტრადიციულად ქცეული ქცევითი ნორმების ერთობლიობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ესმის თუ არა პოლიტიკოსს, იცის თუ არა საკითხი, გააჩნია თუ არა კონფლიქტის მოგვარების ხედვა, განურჩევლად ყველანი თბილისში, გმირთა მოედანთან არსებულ მემორიალურ დაფასთან მიდიან და ყვავილების დალაგებით შემოიფარგლებიან. აქვე იძლევიან დაპირებებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში ეს კონფლიქტი გადაიჭრება. თუმცა, როგორ, ამას არც პოლიტიკოსები ამბობენ და არც ჟურნალისტები ინტერესდებიან. ეს რიტუალი წლიდან წლამდე მეორდება.  

მემორიალთან ისევ მოდიან შაოსანი დედები და ისევ გლოვობენ შვილებს, რომლებიც ახლა შუახანს გადაცილებული მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ და რომლებსაც ცხოვრებაში ბევრის გაკეთების უნარი შესწევდათ. ზუსტად იმავე მემორიალთან ხშირად ისმის სიტყვა „ძმათამკვლელი ომი“. რასაკვირველია, საუკუნეთა განმავლობაში ახლო გეოგრაფიულ პირობებში ცხოვრება ადამიანთა შორის განსაკუთრებული ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს ყოფით დონეზე, თუმცა ეს სრულებით არ გამორიცხავს, რომ „ძმებს“ განსხვავებული ეთნიკური კუთვნილება და ნაციონალური ხედვები და ინტერესები გააჩნდეთ. „ძმათამკვლელი ომის“ კონცეფცია მორიგი ფანდია, რომ კონფლიქტის დაწყება, ესკალაციის და შემდგომ ომში მარცხი სხვას გადააბრალო, სამოქალაქო ომის პერიპეტიების დავიწყება მოახდინო საზოგადოებაში და 27 სექტემბერი გამოიყენო, როგორც ერის გაერთიანების თარიღი. ამ არგუმენტების გამო 27 სექტემბერი წარსულის დღეა და არა მომავლის. ეს ის თარიღია რომელიც წარსულის მითოლოგიის საშუალებით წარმოსახვითი, რომანტიკული მომავალის დახატვას ემსახურება და ძალიან შორსაა პრაგმატული რეალობისაგან.

სოხუმში, დიდების მემორიალთან ასევე იკრიბება აფხაზური ელიტა, რომ აღნიშნოს სოხუმის გათავისუფლება სახელმწიფო საბჭოს სამხედრო ძალებისაგან. აქაც დგანან შაოსანი დედები და აქაც მრავლადაა ყვავილების თაიგულები. ეს დღე აფხაზებისათვის საკრალურია სოხუმის განთავისუფლების შემდგეგ. 30 სექტემბერს გალის რაიონიც დატოვა როგორც მოსახლეობამ, ასევე შეიარაღებულმა ძალებმა. აფხაზურმა მხარემ მოიპოვა ის, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, ეთნიკური აფხაზების დომინაცია ტერიტორიაზე. თუმცა პოლიტიკური ელიტა ასევე უძლური აღმოჩნდა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. სექტემბრის ეს თარიღები აფხაზებისათვის ხდება გმირული ნაციონალური ნარატივის ნაწილი. პოლიტიკური ელიტები მომავლის პროექტებს აქაც ვერ სთავაზობენ ადამიანებს და მხოლოდ წარსულის ჰეროიზაციას ეწევიან.

თუ 27 სექტემბრის კარნავალიზაციას გამოვაკლებთ ტრაგიზმსა და გმირობას, დაგვრჩება აუსრულებელი ოცნებები, ათასობით დაღუპული და გაუბედურებული ადამიანი, ამ დღით მანიპულაციაში ჩართული იდეის უქონელი, გამძღარი პოლიტიკური ელიტები.

 

2008 წელი, სოხუმი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი; ფოტო: epa

2008 წელი, სოხუმი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი; ფოტო: epa

დავით ჯიშკარიანი – ისტორიკოსი, მუშაობს მეოცე საუკუნის ისტორიაზე. ინტერესის სფერო სტალინიზმი, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა, კონფლიქტები კავკასიაში

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი