ახალი ამბები

“თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს”- ახალი კამპანია დაიწყო

29 სექტემბერი, 2017 • 4007
“თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს”- ახალი კამპანია დაიწყო

“სხვა გზა ნამდვილად არ არის. საქართველოს განვითარება დამოკიდებულია გენდერულ თანასწორობაზე”,- ამ სიტყვებით მიმართა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა 29 სექტემბერს თბილისში პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილებს.

დღეს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული კამპანია სახელწოდებით “თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს” დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და “შვედეთის მთავრობა გენდერული თანასწორობისათვის” პროგრამის ერთობლივი პროექტია.

22155096_10212382282304074_1487140987_n

სოფო ჯაფარიძე – პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

“ჩვენ გვჭირდება თანასწორობა, ძალიან მარტივი გზავნილია და კამპანია, რომელიც დღეს დავიწყეთ, ბევრ ადამიანამდე მივა საქართველოს ყველა რეგიონში. ეს კამპანია დისკუსიის და ცოცხალი დებატების გამართვას შეუწყობს ხელს, ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ ყველა ასპექტში. მართლაც სხვა გზა ნამდვილად არ არის. ფუნდამენტური საკითხია, რომ საქართველოს განვითარება დამოკიდებულია გენდერულ თანასწორობაზე.  ეს არის კამპანია, რომელშიც ყველა ვართ ჩართული და ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ გენდერულ თანასწორობაზე. იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე დებატები საქართველოში კიდევ უფრო გაღრმავდება. თანასწორობა გვჭირდება”,- განაცხადა ნილს სკოტმა

კამპანიის პრეზენტაციის დროს ბევრი ისაუბრეს სტატისტიკურ მონაცემებზეც, რომლებიც ნათლად მიანიშნებს იმ უთანასწორობაზე, რაც ამჟამად გენდერული თვალსაზრისით საქართველოშია. მაგალითად, აღნიშნეს, რომ საქართველოს 150 დეპუტატიდან მხოლოდ 23-ია ქალი მაშინ, როცა პოლიტიკურ პარტიებში ქალების რაოდენობა 40 %-ია. ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ 12 მერიდან არც ერთი არაა ქალი, ხოლო 69 გამგებელიდან მხოლოდ ორი ქალი გამგებელი გვყავს. ასეთივე მდგომარეობაა მინისტრების დონეზეც -19 მინისტრიდან მხოლოდ ორი ქალი მინისტრია.

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სწორედ ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ბევრი ინიციატივა და განხილვა იქნება, რომელმაც გენდერულ თანასწორობას ხელი უნდა შეუწყოს და ამ საკითხში თავის კაც კოლეგებსაც მოუწოდა მხარდაჭერისკენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული აქტივობები, ინსტალაციები და შეჯიბრებები, რომელთა მეშვეობით შეკრებილები საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ეს აქტივობები რეგიონებშიც ამგვარად გაგრძელდება.

22119012_10212382283504104_657921659_n

კამმპანია “თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს”

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პირველმა მდივანმა ჰელენა სანჩომ განაცხადა, რომ ამ  კამპანიის მიზანი იმ სტერეოტიპების შესახებ საუბარიცაა, რომელიც სქესთანაა მიბმული:

“ამ კამპანიის მიზანია, მთელ საქართველოში ადამიანებს ვკითხოთ მათი წარმოდგენების შესახებ. როგორ მიაჩნიათ, რისი გაკეთება შეუძლია ქალს და რისი გაკეთება შეუძლია კაცს. ეს ჩვენი გათავისუფლებისთვისაა, რომ დავინახოთ სრულად ჩვენი პოტენციალი, არ ვიყოთ შეზღუდული გენდერული სტერეოტიპებით”.- განაცხადა მან.

“როდესაც ვსაუბრობთ სტერეოტიპებზე, ხშირ შემთხვევაში ეს არის მოსაზრება, რომ გენდერული თანასწორობა ეს არის ერთი სქესის მხრიდან განსხვავებული სქესის მიმართ უპირატესობის მტკიცება, ეს აბსოლუტურად არასწორია. არავინ ცდილობს დომინანტური როლის დაკავებას. პირიქით, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი თვითრეალიზებისთვის. რაც მთავარია, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი, რათა ვიარსებოთ თანასწორ, თანაბარ, ინკლუზიურ გარემოში”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი