ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები რექტორის მოადგილეს შეხვდნენ

29 სექტემბერი, 2017 • 2772
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები რექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ხელშეკრულებაშეწყვეტილი მოწვეული ლექტორების საკითხთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის მოადგილეს, ნინო დობორჯგინიძეს შეხვდნენ.

სტუდენტებმა მას აღნიშნული საკითხის აკადემიურ საბჭოზე განხილვა სთხოვეს, რაზეც დობორჯგინიძემ განაცხადა, რომ ყველა მოთხოვნა საბჭოს უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული. თუმცა ვადები და ფორმატი ამ დროისთვის დაუზუსტებელია.

“ამ სტუდენტებს შეხვდა უნივერსიტეტის ყველა რგოლი, რექტორით დაწყებული, დეკანით დამთავრებული. მათი ამჟამინდელი მოთხოვნა ისაა, რომ აკადემიურმა საბჭომ განიხილოს ის საკითხები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აკადემიური საბჭო შეხვდება მათ”, – აღნიშნა რექტორის მოადგილემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გახმიანდა ბიზნესსკოლის დეკანის, ნინო პატარაიას გადადგომის მოთხოვნაც. სტუდენტების განცხადებით, დეკანი ერთ-ერთ ლექტორს, რომელსაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სხვა უნივერსიტეტთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას აიძულებდა. ნინო დობორჯგინიძის თქმით, აღნიშნული საკითხი ვერ იქნება განხილული მანამ, სანამ კონკრეტული ფაქტებით არ დასაბუთდება. ინფორმაციის გადამოწმებას “ნეტგაზეთი” თავად დეკანთანაც შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტებმა ნინო დობორჯგინიძეს ბიზნესისსკოლის ლექტორებთან ხელშეკრულების გაუგრძელებლობის მიზეზებზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ უნივერსიტეტის მიზანია, ძირითადი საგნები შეასწავლონ მხოლოდ თავისი აკადემიური წრის წარმომადგენლებმა. მისივე თქმით, ადმინისტრაციამ ავტორიზაციის ახალი სტანდარტითაც იხელმძღვანელა, რომელიც ამბობს, რომ აკადემიური პერსონალის კონკრეტულ წევრს აფილირების ხელშეკრულება მხოლოდ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან უნდა ჰქონდეს გაფორმებული.

სტუდენტების თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. მათი განცხადებით, პროფკავშირებისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ ლექტორებთან დაკავშირებით, რომლებთანაც უნივერსიტეტმა თანამშრომლობა არ გააგრძელა, შრომითი ხელშეკრულების შესაძლო დარღვევა იკვეთება.

„ადმინისტრაცია გვისახელებს ისევ იმავე არგუმენტებს. შეხვედრა, შეიძლება ითქვას, უშედეგოდ დასრულდა. გვითხრეს, რომ აკადემიური საბჭო განიხილავს ჩვენ მიერ წამოყენებულ საკითხებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ისინი ღია ფორმატში შეხვდნენ სტუდენტებს. რაც შეეხება ხელშეკრულების შესაძლო დარღვევას, ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაცია იურისტებთან და უახლოეს დღეებში გავავრცელებთ კონკრეტულ ინფორმაციას“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ სტუდენტმა ნიკა გვაზავამ.

რექტორის მოადგილესთან შეხვედრას წინ აქცია უძღოდა, სადაც სტუდენტებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმიანეს.

მსგავსი აქცია უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის შენობასთან 25 სექტემბერსაც გაიმართა. მაშინ სტუდენტები რექტორ გიგა ზედანიას შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია, ძირითადი საგნები იმ ლექტორებმა ასწავლონ, რომლებიც მხოლოდ ილიას უნივერსიტეტთან იქნებიან აფილირებულნი.

„ჩვენი მოწვეული ლექტორები გახდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, რის გამოც უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, მათ მაგივრად სხვა მოწვეული ლექტორები ჩაერთო სასწავლო პროცესში. დღეს ბიზნესფაკულტეტზე გამოცხადებულია 15-მდე კონკურსი აკადემიურ თანამდებობაზე, სადაც ყველა ადამიანს, მათ შორის ხელშეკრულებაშეწყვეტილ ლექტორებსაც, აქვთ საშუალება, შემოიტანონ განაცხადი და წარმატების შემთხვევაში განაგრძონ მუშაობა. ოღონდ ამისათვის ისინი აფილირებულნი უნდა იყვნენ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და არც ერთ სხვასთან“, – ამბობდა 25 სექტემბერს გიგა ზედანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი