ახალი ამბები

ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

29 სექტემბერი, 2017 • 1843
ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

სერბი რეჟისორის და მუსიკოსის, ემირ კუსტურიცას კონცერტი თბილისში გადაიდო. ამის შესახებ განცხადება “არტ მედია გრუპის” დამფუძნებელმა ლელა ასლანიკაშვილმა გაავრცელა.  ორგანიზატორის განცხადებით, კონცერტის გაუქმების მიზეზი რეჟისორის ცხინვალში ვიზიტი გახდა.

“სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებამდე, ჩვენთვის ცნობილი არ იყო 2009 წელს ცხინვალის რეგიონში მისი ვიზიტის შესახებ. უდავოა, რომ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა საქართველოში გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, “არტ მედია გრუპი” იწყებს ამ საკითხზე კონსულტაციებს და გაყიდვებიდან ხსნის კონცერტს სიტუაციის გარკვევამდე,”- წერია განცხადებაში.

“არტ მედია გრუპში” აცხადებენ, რომ ემირ კუსტურიცა მსოფლიო მოქალაქეა და ცხინვალში ჩასვლით  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება გააკრიტიკა.

“კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოსა და ქართველ ხალხს. რეჟისორის თქმით, ის იცნობს ჩვენს ისტორიასა და კულტურას და მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა,  მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართული სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისგან კი –
მხარდაჭერილი,”-ვკითხულობთ განცხადებაში.

სერბი მუსიკოსი თბილისში 2017 წლის  8 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყო. რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ემირ კუსტურიცა ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა ფილმისთვის მასალების მოსაძიებლად. ამავე წყაროს მიხედვით, მან საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში აგრესორი უწოდა.

საქართველოს კანონის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი