ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლი Pavel Sheremet Journalism Award 2017-ის გამარჯვებული გახდა

29 სექტემბერი, 2017 • 2298
აფგან მუხთარლი Pavel Sheremet Journalism Award 2017-ის გამარჯვებული გახდა

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა [The Eastern Partnership Civil Society Forum] თბილისიდან ბაქოში გატაცებული და ამჟამად პატიმრობში მყოფი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2016 წელს მოკლული ბელარუსელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის სახელობის პრემიით [Pavel Sheremet Journalism Award 2017] დააჯილდოვა.

დაჯილდოვების ცერემონია 2017 წლის 26 ოქტომბერს ტალინში გაიმართება.

აღნიშნული პრემია აფგან მუხთარლის გადასცეს, “აზერბაიჯანის ხელისუფლების დევნის მიუხედავად, ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული მამაცობისა და რეგიონში სიტყვის თავისუფლების კუთხით მიღწევებისთვის”. ეს პრიზი, როგორც პრესრელიზში წერია, იქნება სოლიდარობის ჟესტი ყველა აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიმართაც.

პირველად აღნიშული პრემია 2016 წელს გაიცა და პატიმრობაში მყოფ ყირიმელ ჟურნალისტს, მიკოლა სემენას ერგო.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი