ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადავო საკითხი დაამტკიცა

29 სექტემბერი, 2017 • 8831
თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადავო საკითხი დაამტკიცა

დღეს, 29 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა.

საკრებულოს სხდომაზე 25-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა სტატუსის შეცვლას, ხოლო  3 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ალეკო ელისაშვილმა, მარინა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე იყო დაპირისპირება. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატები, ზაალ უდიმაშვილი და ელენე ხოშტარია ეწინააღმდეგებოდნენ საკითხის განხილვას, რის გამოც მოხდა დაპირისპირება.

საქმე ეხება 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს, სადაც უნდა აშენდეს რამდენიმედონიანი ავტოსადგომი, რომელიც სავარაუდოდ, 30 მანქანაზეა გათვლილი.

23176

საკრებულოს სხდომამდე გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც აღნიშნული საკითხი განიხილეს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა საკითხის გადადებას, ხოლო ურბანული დაგეგმარების კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის ცვლილების შემდეგ ინვესტორი ითხოვს, ერთ ლარად გადაეცეს ეს ტერიტორია, სანაცვლოდ კი ერთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შორენა ბუხრაშვილმა მერიის არქიტექტურის სასმსახურის წარმომადგენლებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხი ეხება ფუნქციური ზონის ცვლილებას და არა მშენებლობას, ამიტომ აუცილებელი არ იყო გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენა.

დაპირისპირება კომისიის სხდომაზეც გაიმართა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.

სიტყვით გამოვიდა თბილისის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ზაალ უდუმაშვილი. მან განაცხადა, რომ საკრებულო ამ ნაკვეთს ბიძინა ივანიშვილს გადასცემს.

“წინააღმდეგ წასულა ერთი თქვენგანი მაინც? ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რომელიმე წასულხართ? ფუნქციური ზონის ცლილება არ შეიძლება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საკითხს გამოეხმაურა “შენების მოძრაობა”:

“დამატებითი საპარკინგე ადგილები თბილისისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში თბილისის საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილებები განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღოს, მისი გადაწყვეტილებები დაეფუძნოს ობიექტურ და კვალიფიიურ კვლევებს,” – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა შენების მოძრაობიდან თენგიზ შერგელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი