ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩოს განმარტებები უელსელი ქომაგებისთვის დაწერილ რჩევებზე

28 სექტემბერი, 2017 • 2144
ბრიტანეთის საელჩოს განმარტებები უელსელი ქომაგებისთვის დაწერილ რჩევებზე

6 ოქტომბერს თბილისში  უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რის გამოც ბრიტანეთის საელჩო განმარტებას აკეთებს.

საელჩოს განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს: “მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა.”

ბრიტანეთის საელჩო განმარტავს, რომ ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს. საელჩოს განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გასცეს პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს.

“ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია,” – აცხადებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

როგორც ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი აქვთ, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის: “მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას.”

უელსის საფეხბურთო ნაკრების ფანები. ფოტო: EPA/VASSIL DONEV

უელსის საფეხბურთო ნაკრების ფანები. ფოტო: EPA/VASSIL DONEV

6 ოქტომბერს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ტარდება და მოსალოდნელია, რომ თბილისს არაერთი უელსელი ქომაგი ეწვევა, რადგან ამ ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსი აქვს და საქართველოში გამარჯვება ესაჭიროება.

ბრიტანეთის საელჩომ უელსელი ქომაგებისათვის თბილისში მოგზაურობის წინ გუშინ გამოაქვეყნა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელშიც თბილისისთვის პრობლემურ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული:

  • თუ ტაქსს მრიცხველი არ აქვს, მძღოლს თანხაზე ჩაჯდომამდე მოელაპარაკეთ. აეროპორტიდან თბილისი ცენტრამდე ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 30 ლარი ღირს.
  • თბილისის ქუჩებში ტაქსის გაჩერება ადვილია, თუმცა ამის გაკეთებისაგან თავი უნდა შეიკავოთ ღამით, განსაკუთრებით, თუ ქალი ხართ, რადგან ძარცვის ინციდენტებს ჰქონია ადგილი.
  • შშმ მოგზაურებისათვის თბილისში გადაადგილება შესაძლოა რთული იყოს. ქვაფენილები ხშირად უსწორმასწოროა.
  • კრიმინალის დონე თბილისში ძირითადად დაბალია, თუმცა ქალაქცის ცენტრში ყაჩაღობები დროდადრო ხდება სიბნელეში. არსებობს გარკვეული ინფორმაცია სექსუალურ თავდასხემებზე ტაქსის მძღოლების მხრიდან.
  • გზის გადაკვეთისას ყოველთვის ფხიზლად იყავით, წითელი შუქნიშანი და ზებრა- გადასასვლელი არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი აუცილებლად გაჩერდება. გამოიყენეთ მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც შესაძლებელია.
  • თუ სხედხართ ტრანსპორტში, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს, მძღოლს შენელების ინსტრუქცია უნდა მისცეთ.
  • პატივი ეცით ადგილობრივ ტრადიციებს, კანონებსა და რელიგიას. დაუფიქრდით თქვენს ქცევებს და იმას, თუ როგორ შეიძლება ის ინტერპრეტირებული იყოს სხვა კულტურის ან რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების მხრიდან.
  • ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არსებობს. შესაბამისად, უნდა შეხვიდიეთ კაფე/ბარებში და რაიმე შეიძინოთ იმისათვის, რომ დაწესებულებით ისარგებლოთ. არ მოშარდოთ ქუჩაში, ეს შეურაცხყოფაა.

საქართველო და უელსი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 6-გუნდიან ჯგუფში თამაშობენ. 8 თამაშის შემდეგ უელსი მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო – მე-5-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი