ახალი ამბები

პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს „ქართულ ოცნებას” და გააგრძელოს შეხვედრები ოპოზიციასთან – ჩიხრაძე

28 სექტემბერი, 2017 • 1994
პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს „ქართულ ოცნებას” და გააგრძელოს შეხვედრები ოპოზიციასთან – ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს მმართველ ძალას, რის შემდეგაც გააგრძელებს შეხვედრებს ოპოზიციასთან.

როგორც პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო პროცესში ჩართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში ვეტოსთან დაკავშირებით ერთგვარი კონსენსუსი არსებობს – “ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიციაც და ქართული ოცნებაც”.

მისი თქმით, შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს.

“სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ იყვნენ შეხვედრაზე, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განწყობილია დიალოგის გასაგრძელებლად. ჩვენ, ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება. მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, და ამავე დროს ისევ გავაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთანაც,“ – განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოსათვის და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისათვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პრეზიდენტი მზადაა ყველანაირი ინსტრუმენტი, ყველანაირი შანსი გამოიყენოს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის თანხმობას ითხოვდა. სწორედ ეს თანხმობაა ყველაზე მეტად საჭირო და ყველაზე მეტად ღირებული. დღემდე ვეტოს მიმართ ძალიან უარყოფითი განწყობა იყო ხელისუფლების მხრიდან, დღეს თავად ისინი ამბობდნენ, რომ ვეტო მნიშვნელოვანია და საჭიროა. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე ვეტო მნიშვნელოვანია და ეს საკითხები ემთხვევა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საკითხებს. ვითარება ისეთია, რომ აქ თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სერიოზული პოლიტიკური დიალოგი შედგეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ – აღნიშნა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად, დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მესამე მოსმენისას შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში შეუძლებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი დავის საგანს საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა. ახალი კონსტიტუციით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა. 2020 წელს კი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ითხოვდა, რომ 2020 წლიდან ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე  სხდომა 26 სექტემბერს დანიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი