ახალი ამბები

მწვანე კონცხის პლაჟს, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

28 სექტემბერი, 2017 • 2639
მწვანე კონცხის პლაჟს, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა- პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა [2333 კვ.მ] და ერთი შენობის [104,30 კვ.მ] პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს, მომავალში ამ ნაკვეთებზე ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით.

როგორც ბათუმის საკრებულოში გაგზავილი წერილებიდან ირკვევა, მთავრობა თანახმაა კომპანიას მიწის ნაკვეთები იმავე პირობით გადასცეს, რა პირობითაც ის ამას ითხოვს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, ოფიციალურად, წერილობით აცნობა. ბათუმის მერმა კი საკრებულოს მიმართა.

დათანხმდება თუ არა ბათუმის საკრებულო საკუთარი ქონების მთავრობისთვის გადაცემას იმ პირობთ, რომ მთავრობა ამ ქონებას პირდაპირი წესით გაასხვისებს, ეს ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება. საკითხი საკრებულომ კენჭისყრით უნდა გადაწყვიტოს.

საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, მთავრობა მოთხოვნილი ნაკვეთებიდან 6 364 კვ-მ მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ, ხოლო 2333 კვ.მ-ს ინვესტიციის განხორციელების პირობით გაასხვისებს, როგორც ამას ინვესტორი ითხოვდა.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომადგენლის ინფორმაციით  კომპანიას  დამატებითი ნაკვეთები  უკვე დაწყებული მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობის „წარმატებით დასრულებისთვის“ სჭირდება. კომპანია დამატებით რესტორნის, ღია საცურაო აუზისა და საბაგიროს მოწყობას გეგმავს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს და პლაჟს, ბაღის ზედა შესასვლელთან დააკავშირებს.

„ბიზნეს დველოპმენტს“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს, 2017 წლის თებერვალში კომპანიამ  ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] ასევე, მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად შეიძინა.

ინვესტორმა, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარი გადაიხადა მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია. ამჯერად კი, მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობას უსასყიდლოდ, ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ ითხოვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი 2015 წლის ბოლოს გაასხვისა. აუქციონში „ბიზნეს დეველოპმენტი“ მაშინაც უკონკურენტო იყო.

მწვანე კონცხი / 2016 წ. / თორნიკე თავაძის ფოტო

მწვანე კონცხი / 2016 წ. / თორნიკე თავაძის ფოტო

სასწავლებლის შენობის გაყიდვამდე „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა შეატყობინა, რომ ტერიტორიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. ივანიშვილის მწვანე კონცხთან დაკავშირებული გეგმების შესახებ „ბათუმელები“ მანამდეც წერდა. მწვანე კონცხზე საქართველოს ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის პროექტის ე.წ. პანორმა ბათუმის შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ.

„ბიზნეს დეველოპმენტი“ 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი მფლობელია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, ეს კომპანია კი ობშორულ ზონაში, პანამაშია დარეგისტრირებული.


„ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით მწვანე კონცხზე დასასვენებელ კომპლექსს კომპანია „ზიმო“ აშენებს. კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი