ახალი ამბებიეკონომიკა

მცირე ბიზნესი და ინვესტიციები – თბილისის მერობის კანდიდატების ეკონომიკური პროგრამების მიმოხილვა

18 ოქტომბერი, 2017 • 3673
მცირე ბიზნესი და ინვესტიციები – თბილისის მერობის კანდიდატების ეკონომიკური პროგრამების მიმოხილვა

მცირე ბიზნესის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა – ეს არის თბილისის მერობის კანდიდატების ეკონომიკური პროგრამების საერთო ძირითადი მიმართულებები. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ, მერობის ოთხი კანდიდატის პროგრამების მიმოხილვას ამ კუთხით. კანდიდატები NDI-ის რეიტინგების მიხედვით შევარჩიეთ.

როგორ აპირებენ კანდიდატები მცირე ბიზნესის ხელშეწყობას

თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, კახა კალაძე თავის ეკონომიკურ პროგრამაში ამ მხრივ სტარტაპების წახალისებაზე ამახვილებს ყურადღებას.

თუმცა სტარტაპებს უკვე აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი სპეციალური პროგრამის – “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში.  

“სტარტაპ საქართველო”  „საპარტნიორო ფონდის” მიერ 2016 წელს  დაფუძნდა.  ამ პროგრამის ფარგლებში სტარტაპები 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას იღებენ.

“სტარტაპ საქართველოში” “ნეტგაზეთს” უთხრეს,  რომ  2016 წლიდან დღემდე 85 სტარტაპი დაფინანსდა:

“ჩვენ სტარტაპებს ყველა მიმართულებით ვეხმარებით.  დაფინანსების გარდა, თუ სჭირდებათ რაიმე დახმარება მენეჯმენტის, პიარის კუთხითაც ვეხმარებით. პროცედურის მიხედვით, ბიზნესგეგმის და ხარჯთაღრიცხვის წარდგენისას, თუ პირობითად სტარტაპს სჭირდება 50 000 ლარი, ინიციატორი 10%-ით თანადაფინანსებაში შემოდის, დანარჩენს  საპარტნიორო ფონდი აფინანსებს,”-აცხადებს “სტარტაპ საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია წულაძე.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო  ელისაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით ქალაქში  გარევაჭრობის აღდგენას გეგმავს, თუმცა, რეგულირებული სახით და ეს  რეგულაციები ძირითადად ქუჩაში გასაყიდ საქონელს დაუწესდება.

 

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

“მე ვფიქრობ, მერია უნდა იყოს ბიზნესგარემოს მომწესრიგებელი, ვიდრე ახალი ბიზნენის დამწყები. მაგალითად, სამართლებრივ დონეზე ჩვენთან ნებისმიერი გარევაჭრობა არის დანაშაული. ნებისმიერი ვაჭრობა, ნახატების იქნება თუ ხილის, არის დანაშაული. იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია. მე ვარ მომხრე იმის, რომ გარევაჭრობა მოწესრიგდეს. უნდა მოხდეს განსაზღვრა, რითი ვაჭრობა შეიძლება და რითი-არა,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ინფრასტურუქტურული პროექტებით აპირებს ბიზნესის განვითარებას.  მერობის კანდიდატი თავისი ეკონომიკური პროგრამით 10 000 მცირე ბიზნესის და  35 000 სამუშაო ადგილს შექმნას აპირებს. ელენე ხოშტარია ქონების გადასახადის  10 %-ით შემცირებას გეგმავს , რის შედეგადაც, მისი თქმით, 20 მილიონი ლარი ბიზნესს დარჩება.

“ჩემი აქცენტი არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ ჰქონდეს შემოსავალი, თვითონ დასაქმდეს თავისი ნიჭის, სურვილის, გემოვნების მიხედვით,”- უთხრა “ნეტგაზეთს” მერობის კანდიდატმა.

 

ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

 

მცირე ბიზნესის ხელშეწყობას “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი ბიზნესგარემოს გამოუჯობესებით გეგმავს. მერობის კანდიდატის ეკონომიკურ პროგრამაზე “ნეტგაზეთს” პარტიის წევრი რომან გოცირიძე ესაუბრა.

“მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო შეღავათებზე შვიდი კანონპროექტი გვაქვს წარმოდგენილი პარლამენტში. ასე რომ, საპარლამენტო მხრიდანაც იქნება ადგილობრვი თვითმმართველობის მხარდაჭერა. რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, ყველა იმ პროექტში, რაც ჩვენი პროგრამით არის დაგეგმილი – ინფრასტრუქტურა იქნება ეს თუ სხვა მშენებლობები- აქ მცირე ბიზნესსაც ექნება თავისი წვლილი. პატიოსნად ჩატარებული ტენდერები და კონკურენტული გარემოს შექმნა მცირე ბიზნესს ყოველთვის აპოვნინებს თავის ადგილს. ეს იქნება მცირე ბიზნესის ჩვენი ირიბი დახმარება,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

ბევრი ბიზნესანალიტიკოსი  მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესი 21-ე საუკუნის ეკონომიკის წარმმართველი ძალა იქნება, თუმცა მცირე ბიზნესი გარკვეულ პრობლემებსაც აწყდება. მცირე ბიზნესის წარუმატებლობის  ძირითად სამ მიზეზს ასახელებენ: არასრულყოფილი მართვა, არასათანადო დაფინანსება და მაღალკვალიფიციური მუშახელის დაქირავების შესაძლებლობების უქონლობა.

საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმეს, რომლის  წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება. სახელმწიფო მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს გარკვეულ შეღავათებს უწესებს და 5%-ით ბეგრავს.

2017 წლის პირველ იანვარს საგადასახადო ცვლილება შევიდა ძალაში. ე.წ ესტონური მოდელით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფრმაციით, 2016 წელს მცირე ბიზნესში 306 543 ადამიანი იყო დასაქმებული, 2017 წლის პირველ კვარტალში მცირე ბიზნესში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 253 484 იყო, მეორე კვარტალში კი- 258 537.

ეკონომისტი აკაკი ცომაია მცირები ბიზნესის წახალისების საკითხის შეფასებისას აცხადებს, რომ ბიზნესის წახალისება არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი განვითარდება, კარგ პოლიტიკურ განზრახვას კი კარგი ეკონომიკური შედეგი ყოველთვის არ მოჰყვება ხოლმე.

“შედეგად, დიდი ალბათობით, მივიღებთ განიავებულ რესურსებს, რომლის გამოყენებაც უფრო რაციონალურად შეიძლებოდა სხვა სფეროში, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ ან სხვა პროექტებში. ის, ვინც აძლევს ფულს, უნდა რისკავდეს, რომ შეიძლება დაკარგოს, და ის, ვინც იღებს ფულს, ასევე უნდა რისკავდეს, რომ შეიძლება ვალებში გადავარდეს. თუ ეს ფაქტორი ამოვარდნილია, შედეგად ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში, ახლობლებზე გადანაწილებულ ქონებას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძო სექტორი ამას არ გააკეთებს, რადგან საზოგადოებრივი პროდუქტია. ხოლო განვითარებულ ინფრასტრუქტურას აქვს თვისება, რომ დამატებით მოიძიოს ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას,”- აცხადებს აკაკი ცომაია.

ბიზნესის ხელშეწყობას ცენტრალური ხელისუფლების საქმედ მიიჩნევს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

როგორ შეძლებენ მერობის კანდიდატები ინვესტიციების მოზიდვას

მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე ამომრჩეველს ინვესტიციების მოზიდვას ჰპირდება.  ინვესტიციების მოსაზიდად და წასახალისებლად ჯერ კიდევ წინა მთავრობამ 2011 წელს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი,  საპარტნიორო ფონდი შექმნა.  

 

კახა კალაძე/ბიზნესმენებთან შეხვედრა

კახა კალაძე/ბიზნესმენებთან შეხვედრა

ელენე ხოშტარია და ზალიკო უდუმაშვილი ძველი თბილისის რეაბილიტაციას ინვესტორების დახმარებით გეგმავენ.

“გეგმაში მაქვს, რომ ახალი ისტორიული ცენტრი უნდა გაჩნდეს თბილისში. ტურისტები რომ ჩამოდიან, სად მიდიან? შარდენი, აბანოთუბანი, განახლებული “პლეხანოვი”, როდესაც მაგალითად მთელი სოლოლაკი არის ისტორიული უბანი. აქ უკვე უნდა შემოვიდეს ბიზნესი. ამ თანხებს თბილისის მერია ვერ აწევს, ბიზნესთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და უნდა დავაინტერესოთ, რომ ამ უბანში ჩაიდოს ინვესტიცია, როგორც გაკეთდა “კალაუბანი”, “შარდენი”, ასევე უნდა გაკეთდეს სოლოლაკი, რომელიც ასევე იქნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზალიკო უდუმაშვილმა.

ზალიკო უდუმაშვილი  გამარჯვების შემთხვევაში აპირებს  შექმნას ისეთ გარემო, რომელიც ინვესტორს წაახალისებს. ასეთად კი მერობის კანდიდატს წესრიგი, კრიმინალთან ბრძოლა და ახალი პროექტები მიაჩნია, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვას შუწყობს ხელს.

ზალიკო უდუმაშვილი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ზრდაზე გავლენას  ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ღია ეკონომიკა, სამუშაო ძალა და პოლიტიკური სტაბილურობა ახდენს.

მსოფლიო ბანკის კვლევით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძირითად ფაქტორებად ბაზრის სიდიდე და ჩამოყალიბებული ინსტიტუტები  დასახელდა.          

ეკონომისტი აკაკი  ცომაია ინვესტიციების ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს შორის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციის და სავალუტო მერყეობის დონეს ასახელებს.

კითხვაზე – რამდენად არის ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვა, აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რაც შეიძლება ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააკეთოს, არის შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება,  რაც ხელს უწყობს გარკვეული ბიზნესობიექტების დაარსებას.

საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. ქალაქში  ქვეყნის მოსახლეობის 30% (1 114 600 ადამიანი) ცხოვრობს. მიმდინარე წელს თბილისის  ბიუჯეტი  800 მლნ. ლარზე მეტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი