ახალი ამბები

ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილმა დირექტორებმა თორდინავას გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

28 სექტემბერი, 2017 • 1330
ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილმა დირექტორებმა თორდინავას გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

თბილისის ბაგა-ბაღებიდან ახალი ხელისუფლების მმართველობისას დათხოვნილმა დირექტორებმა დღეს, 28 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას გადადგომა მოითხოვეს.

მათ გაიხსენეს რამდენიმე დღის წინ თბილისის 206-ე ბაგა-ბაღში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მცირეწლოვანი ფანჯრიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.

“მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს თორდინავა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცეს პასუხისგებაში. შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მისი განვლილი წლების საქმიანობით,”- ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის 85-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ინგა გუგავა, რომელიც თანამდებობიდან 2016 წელს დაითხოვეს.

92-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, ინგა კალანდაძე კი ამბობს, რომ თემურ თორდინავას პოლიტიკა ბავშვების სიცოცხლისთვის არის საშიში.

“გავაპროტესტეთ, რადგან მოქმედი დირექტორები და აღმზრდელები ხმას ვერ აიმაღლებენ, როგორ ირღვება ბავშვთა და ასევე თანამშრომელთა უფლებები!  მთლიანად სისტემა ჩართულია საარჩევნო კამპანიაში და აიძულებენ ბაღებსაც, მონაწილეობა მიიღონ ყველაფერ ამაში. თორდინავას პოლიტიკა უკვე საშიში გახდა ბავშვთა სიცოცხლისთვის. თორდინავამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებებზე!!!”- წერს 92-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ინგა კალანდაძე.

თბილისის ბაგა-ბაღების დათხოვნილი დირექტორები მიიჩნევენ, რომ თანამდებობიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და სასამართლოში იჩივლეს, თუმცა ამბობენ, რომ პროცესის დაწყება ძალიან ჭიანურდება.

ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილი დირექტორების აქცია. ფოტო: ინგა კალანდაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი