მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ხვალ ჩამოვლენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თბილისში დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ხვალ (ანუ თამაშის დღეს) ჩამოვლენ. ამასთან დაკავშირებით პირველი პოსტი სოციალურ ქსელში რივალდომ დაწერა, რომელიც ფრანკფურტიდან მილანის გავლით მოემგზავრება საქართველოს დედაქალაქში.

როგორც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ინსტაგრამზე წერს, ფრანკფურტიდან დღეს მილანში ჩაფრინდება, ხვალ კი საქართველოში იქნება, თუ ამას ღმერთი ინებებს. სავარაუდოდ, რივალდო მილანიდან თბილისში ფეხბურთის იტალიელ ვარსკვლავებთან ერთად ჩამოფრინდება.

29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. თამაში 21:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტოტი, ძანეტი, შევჩენკო, ბაჯო, კრესპო, კოსტაკურტა, პუიოლი, რივალდო, დიდა და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები.

კახა კალაძის განცხადებით, მას ფეხბურთის ფედერაციამ სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება. თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი თავადაც აპირებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაჩიაში განგვიმარტავენ, რომ კალაძე ამით საარჩევნო კანონს დაარღვევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.