ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატებს ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციაზე ხელმოწერას სთხოვენ

28 სექტემბერი, 2017 • 2050
თბილისის მერობის კანდიდატებს ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციაზე ხელმოწერას სთხოვენ

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები თბილისის მერობის კანდიდატებს  ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციაზე ხელმოწერას სთხოვენ.

“ღია საზოგადოება – საქართველოს” ცნობით, კანდიდატებს შეტყობინება დღეს, 28 სექტემბერს, გაეგზავნათ და ხელმოსაწერად ვადა 3 ოქტომბრამდე აქვთ. ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არ მოუწერია ხელი.

ორგანიზაციების ინიციატივას სოციალურ ქსელ “ფისუბუკზე” გამოეხმაურა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.

„კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატია. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და მომავალშიც განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები, სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის, საჯარო კონტროლისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კახი კალაძის გამარჯვების შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვთხოვეთ OGP-ში საქართველოს დელეგაციას შეხვედრა თბილისის მომავალი აქტივობების განხილვის მიზნით.” – წერს თალაკვაძე.

ორგანიზაციების ცნობით, დეკლარაციის ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც  განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები  სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭვირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და  მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების ოფიციალური მიწვევით შეუერთდა.

ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლების და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა.

2015-2016 წლებში საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები გახდნენ საქართველოს პარლამენტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალური მთავრობა. თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის ფონზე შეიმუშავა. მიმდინარე რეფორმების ნაწილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის, თბილისის ინტერაქციული რუკის, ელექტრონული პეტიციებისათვის ონლაინ პლატფორმების შექმნა  და აშ.

ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მოუწევს, აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი