ახალი ამბები

შს მინისტრის სიმამრი პრეზიდენტის, რუსთავი 2-ის და სხვების წინააღმდეგ

29 მაისი, 2013 • 2813
შს მინისტრის სიმამრი პრეზიდენტის, რუსთავი 2-ის და სხვების წინააღმდეგ

ამის დასადასტურებლად დღეს, 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, აღნიშნულმა პირებმა, ნინო ჯღარკავას მიერ გაკეთებული ფარული აუდიოჩანაწერი წარმოადგინეს.

ჯღარკავა აცხადებს, რომ თამაზაშვილის საქმეში ერთ–ერთი ბრალდებული, გრიგოლ კვინიკაძე დაკავებამდე მასთან სტუდიაში იყო მისული. ისინი სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ვაზაგაშვილის თემაზე საუბრობდნენ, ჯღარკავას თქმით, ის ამ ლაპარაკს ფარულად იწერდა, საუბარი შემთხვევით შეეხო თამაზ თამაზაშვილსაც:

“ჩანაწერში ბატონი გრიშა კვინიკაძე პირდაპირ ასახელებს ადამიანს, რომელიც დღესაც მოქმედია თანამდებობაზე, რომელმაც უშუალოდ ჩადო ეს ავტომატი. ეს ადამიანი მოქმედი კუდ–ის უფროსია, ანუ სუს–ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური). მე ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუშინ, კვინიკაძის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები ვნახე, გადავწყვიტე ეს ჩანაწერი გამესაჯაროვებინა. ჩანაწერს დღესვე მივაწვდი პროკურატურას”, – აცხადებს ნინო ჯღარკავა.

თამაზ თამაზაშვილის თქმით, ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, პასუხი მოეთხოვება:

“ყველა ადამიანს, ასევე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ს მოეთხოვება პასუხი, იმ კლიპებისთვის, რომელიც ტრიალებდა მათ ეთერში, რომ თითქოს მე ვიყავი ადამიანის გამტაცებელი, თითქოს მე ვიყავი ნარკორეალიზატორი, მკვლელი და ა.შ. პრეზიდენტი დღეში ორჯერ გამოდიოდა და ლაპარაკობდა თამაზაშვილი კრიმინალია, რომელი უფრო მოგწონთ, აი, ზღულაძე – რა ლამაზია და თამაზაშვილი – რას ჰგავსო, ასევე, ლაპარაკობდა თითქოს მე რაღაც თანამდებობაზე უნდა დავნიშნულიყავი. ეს ყველაფერი იყო ტყუილი”, – აცხადებს თამაზაშვილი. მისი თქმით, ის სააკაშვილს არასოდეს შეხვედრია.

 

თამაზაშვილი, ასევე, უარყოფს ციხის კადრებთან მის კავშირს და აცხადებს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებისა, ის ამ საკითხზე არასოდეს დაუკითხავთ. მისივე თქმით თანამდებობაზე მისი დანიშვნა არც იგეგმებოდა და არც ახლა იგეგმება.

თამაზ თამაზაშვილი და მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი
თამაზ თამაზაშვილი და მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი

თამაზ თამაზაშვილის ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, თამაზაშვილის პატივის, ღირსებისა და სამსახურებრივი რეპუტაციის შელახვის გამო ორი სარჩელი მზადდება და პასუხისგება მოუწევს ყველა პირს, ვინც თამაზაშვილს მტკიცებულების გარეშე დამნაშავედ მოიხსენიებდა:

“მოპასუხე მხარე იქნება პრეზიდენტიც, რომელიც საჯაროდ, მათ შორის სტუდენტებთან შეხვედრისას მოიხსენიებდა თამაზაშვილს დამნაშავედ, ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც არ არსებობდა მტკიცებულება. პასუხი უნდა აგოს გიგა ნასარიძემ და მისმა ორგანიზაციამაც, რომელიც მიბმული იყო ნაციონალურ მოძრაობაზე”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

გელაშვილის თქმით, მთავარია, რომ თამაზაშვილის ციხიდან ცოცხალი გამოვიდა, ახლა კი ყველა დამნაშავე პირი თანდათან აგებს პასუხს:

“თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეში იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ მის მოწამვლას აპირებდნენ. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, იქ ჯერ კიდევ ძველი ხელმძღვანელობა იყო, ეს კაცი იმათ ხელში იყო და რომ არ მოეხდინათ მისი სიცოცხლის ლიკვიდაცია, სასწრაფოდ გავაკეთეთ პროკურატურასთან შეთანხმება ბრალის აღიარების გარეშე, რომ ეს კაცი გარეთ გამოგვეყვანა და გვყოლოდა ცოცხალი და საქმის გამოძიებას შემდეგ დავიწყებდით. ეს იყო პირველი პრეცედენტი 9 წლის განმავლობაში, როცა ბრალის აღიარების გარეშე გაკეთდა საპროცესო შეთანხმება”, – აცხადებს გელაშვილი.

თამაზაშვილის ადვოკატი, ასევე, ამბობს, რომ სარჩელი მზადდება ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის წინააღმდეგ, რომელმაც, ადვოკატის თქმით, თამაზ თამაზაშვილის შვილთან, ლექსო თამაზაშვილთან დაკავშირებით ცილისმწამებლური მასალა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა.

 

თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვისა და ტარების ბრალდებით. 2012 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმავე წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი პირველი ვიდეომასალა გავრცელდა, შსს-მ განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე თამაზაშვილი სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ და, შესაბამისად, მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ.

 

საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 9 ქოტომბერს, საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის  სამართლის საქმეთა პალატამ  დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო  შეთანხმება და თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც, მეორე დღესვე (2012 წლის 10 ოქტომბერს) თამაზაშვილმა გლდანის ციხე დატოვა.

 

თამაზაშვილის მაშინდელი ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებდა, რომ თამაზაშვილის პირადი, ავტომანქანის, თბილისის საცხოვრებელი ბინის და დედოფლისწყაროს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა უკანონოდ მოხდა, ხოლო იარაღი, რომელიც მისი ავტომობილიდან ამოიღეს, იქ საერთოდ არ ყოფილა.

2013 წლის 24 მაისს ექვსი პოლიციელი პროკურატურამ დააკავა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ “2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არ არსებობის მიუხედავად ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

 

პოლიციელებს გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი