ახალი ამბები

m²: “ცენტრ პოინტის” შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ გვქონია

28 სექტემბერი, 2017 • 2146
m²: “ცენტრ პოინტის” შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ გვქონია

დღეს “იმედინიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  “ცენტრ პოინტის” აქტივების გაყიდვაზე მოლაპარაკება მიღწეულია და  მას კომპანიები, “X2” და “m²” შეისყიდიან. კომპანიის გაყიდვაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა “ნეტგაზეთს” გუკა რჩეულიშვილმაც დაუდასრუტა.

როგორც რჩეულიშვილი ამბობს, “ცენტრ პოინტის” გაყიდვა გადაწყვეტილია და მოლაპარაკება მიღწეულია, თუმცა არ ადასტურებს, რომ კომპანიას “m²” ყიდულობს, რადგან მისი თქმით, დეტალები კონფიდენციალურია.

ინფორმაციას უარყოფს სამშენებლო კომპანია “m²”. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა:

“ვერ ვადასტურებთ მსგავს ინფორმაციას, არ შეესაბამება სიმართლეს. შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, ასეთი ინფორმაცია არ არის. ჩვენ უბრალოდ განვიხილავდით, მაგრამ მსგავსი რამ, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული, არ არის. ეს საკმაოდ ისეთი თემაა, რასაც  საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. ყიდვასა და რაიმე გარიგების არსებობას ვერ დაგიდასტურებთ,” – ამბობენ “m²”-ში.


პროკურატურამ “ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ საქმის წარმოება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო კომპანიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე. 2013 წელს კი თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში 31 მარტს დააპატიმრეს. კერვალიშვილისა და მისი დის, მაია რჩეულეშვილის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატის, მარიამ ცუცუქრიძის განცხადებით, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სამი მუხლით მიმდინარეობდა, სისხლის სამართლის 194 – ე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლიში სამართლომ კერვალიშვილი და რჩეულიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ეს მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დანარჩენ ორ მუხლში 180-ე (თაღლითობა) და 182-ე (მითვისება და გაფლანგვა) სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის თქმით, სასამართლომ გამოიყენა შთანთქმის პრინციპი და ასევე ამნისტია, წინააღმდეგ შემთხვევაში  9 წლით პატიმრობა შეეფარდებოდათ.

დაკავებული იყო “ცენტრ პოინტ აჭარის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეუფარდა. 2017 წლის  6 აპრილს გუკა რჩეულიშვილი მოსამართლემ პატიმრობიდან 30 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი