ახალი ამბებიტექნოლოგიები

სუფთა ჰაერის სასუნთქი მოწყობილობა – ქართველი დეველოპერების გამოგონება

28 სექტემბერი, 2017 • 9933
სუფთა ჰაერის სასუნთქი მოწყობილობა – ქართველი დეველოპერების გამოგონება

ქართველი დეველოპერების, ბაჩო ხაჩიძისა და ლაშა კვანტალიანის გამოგონება “Treepex” მომხმარებელს სუფთა ჰაერით სუნთქვაში დაეხმარება.  მოწყობილობის მთავარი ფუნქცია  ნახშირორჟანგის ჟანგბადად გადაქცევაა, ანუ დაახლოებით ის, რა როლსაც ხეები ასრულებენ ბუნებაში. სწორედ რომ სხვადასხვა ხის უჯრედებია Treepex -ის კარტრიჯში.

მოწყობილობა მომხმარებლის ცხვირზე მაგრდება, გამოირჩევა გამძლეობით და მას უკაბელო დამტენი მოჰყვება.

როგორც, იდეის ერთ-ერთი ავტორი, ბაჩო ხაჩიძე Huffpost-თან ინტერვიუში განმარტავს, მათ გამოიყენეს CRISPR ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის ხეებიდან იმ დნმ-ის შემცველი უჯრედების ამოღებას და შემდგომ აპარატის კარტრიჯში მოთავსებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფოტოზინთესისთვის. ერთი კარტრიჯი იმდენ ჟანგბადს გამოიმუშავბს, რამდენსაც ერთი ზრდასრული ხე. გარდა ამისა, მობილური აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია კარტიჯისა და ბატარეის კონტროლი.

ინტერვიუში მოწყობილობის შექმნის იდეის შესახებ საუბრისას ბაჩო ხაჩიძე განმარტავს: “საქართველოს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, გლობალური ხასიათისაა და მსხვილი ქალაქების უმეტესობის დიდი მტერი. ასეთი ეკოლოგიური მდგომარეობის  გამომწვევი მიზეზი ორია – ჰაერის დაბინძურების ზრდა და ტყეების გაჩეხვა. თავდაპირველად, ჩვენი ინიციატივა იყო, ხალხისთვის და ბიზნესკომპანიებისთვის გარკვეული ბიძგი მიგვეცა, რათა მათ უფრო მეტი ხე დაერგათ მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამ ჩანაფიქრს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ სხვა გზა გვეპოვა და შევქმენით Treepex”. 

მოწყობილობა მალე გამოვა გაყიდვაში საერთაშორისო ბაზარზე. როგორც პროდუქტის ოფიციალურ საიტზე წერია,  მომხმარელს შეეძლება მოწყობილობის სამ სხვადასხვა ფერში (ვარდისფერი, ლურჯი და ცისფერი) ამორჩევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი