ახალი ამბები

თბილისში გამართულ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში ლევონ არონიანმა გაიმარჯვა

28 სექტემბერი, 2017 • 2614
თბილისში გამართულ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში ლევონ არონიანმა გაიმარჯვა

2-28 სექტემბერს თბილისმა ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლა, რომელიც ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ჭადრაკის სომეხ დიდოსტატს ჯილდოს სახით 120 00 აშშ დოლარი გადაეცა. ქართველმა მოჭადრაკეებმა საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერ შეძლეს.

სამინისტროს განცხადებით, თბილისში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული იყო, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო ფიდეს საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 პოზიციაზე მყოფმა მოჭადრაკემ, რაც მანამდე საჭადრაკო ისტორიაში არ მომხდარა.

თბილისს სტუმრობდნენ ფიდეს რეიტინგის ლიდერები, მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვანათან ანანდი, ვესელინ ტოპალოვი, უესლი სო, ფაბიანო კაურანა და ჰიკარუ ნაკამურა.

ორასამდე სპორტსმენს სასტუმრო ჰუალინგ პრეფერენსმა უმასპინძლა. მსოფლიო თასიც იქვე გათამაშდა, ფინალური შეხვედრები კი სასტუმრო ბილტმორის ისტორიულ დარბაზში გაიმართა. სომეხი და ჩინელი დიდოსტატები სწორედ იმ დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა.

ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ ფინალში ლევონ არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს, დინ ლიჟენს. სომეხმა დიდოსტატმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს, უკვე მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად 2005 წელს გაიმარჯვა.

“ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. დაძაბული ტურნირის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ტიტული მეორედ მოვიპოვე. საორგანიზაციო მხარეს დადებითად შევაფასებდი. თბილისში გამართული ტურნირი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინშე დგას; მომავალ წელს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტურნირიც უმაღლეს დონეზე ჩატარდება,” – განუცხადა “იბერიას” არონიანმა.

ფინალის საზეიმო გახსნის ცერემონიაში სპორტის მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდეს ვიცეპრეზიდენტი ისრაელ გელფერი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდნენ.

სპორტის სამინისტროს ინფორამციით, ჭადრაკის მსოფლიო თასით დასრულდა ის 13 საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელსაც წელს საქართველომ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში უმასპინძლა. აღნიშნულ სპორტულ ტურნირებში მონაწილეობა 70-მდე ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო. მომავალ წელს საქართველოში კიდევ ერთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირი  გაიმართება ჭადრაკში. 2018 წლის ზაფხულში ბათუმი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფოტო: სპორტის სამინისტრო

თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფოტო: სპორტის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი