ჟურნალ “ფლეიბოის” დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა

ჟურნალ “ფლეიბოის” დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. კორპორაციის ცნობით, ჰეფნერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ჰეფნერმა “ფლეიბოის” იდეაზე მუშაობა 1953 წელს საკუთარ სამზარეულოში დაიწყო. ჟურნალი მისი პოპულარობის პიკში ყველაზე გაყიდვად ჟურნალად იქცა, რომელიც თვეში 7 მილიონი ტირაჟით იყიდებოდა.

ჰეფნერის შვილი, კუპერ ჰეფნერი ამბობს, რომ მამამისს “გამორჩეული და მნიშვნელოვანი ცხოვრება ჰქონდა როგორ მედიის და კულტურის პიონერს”. მისივე თქმით, ის იყო გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო უფლებების და სექსუალური თავისუფლების ადვოკატი.

2012 წელს 86 წლის ასაკში ჰეფნერი მესამედ დაქორწინდა კრისტალ ჰარისზე, რომლიც 60 წლით იყო მასზე უმცროსი.

ჟურნალს კრიტიკოსიც ბევრი ჰყავდა, მას იაფასიან ჟურნალადაც მოიაზრებდნენ, თავად ჰეფნერი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა;

“მე ფლეიბოიზე არასდროს მიფიქრია, როგორც სექს-ჟურნალზე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჟურნალი ცხოვრების წესის შესახებ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სექსი” – განაცხადა ჰეფნერმა 2002 წელს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ფლეიბოის” ყველაზე ცნობილი ინტერვიუებია – ინტერვიუ მართინ ლუთერ კინგთან, ჯონ ლენონთან და ფიდელ კასტროსთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com