ახალი ამბები

ბორჯომის ხეობაში 22 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

27 სექტემბერი, 2017 • 2155
ბორჯომის ხეობაში 22 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი მისი გაჩენიდან მეექვსე დღეს ჩააქრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი.  5 დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით, ვერტმფრენებმა 560 აფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად. ხანძრის გაომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოსაც გაჩნდა, რომელსაც მეხანძრე-მაშველები ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ტექნიკის დახმარებით 8 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი