“ზაფხული ისე გავიდა, ბავშვს ნაყინი ვერ ვუყიდე”

ხილი, ტკბილეული, ხორცი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი – ამ პრობლემური სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. მეექვსეკლასელი თამუნას ყოველდღიური მენიუ მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ “კარიტასის” საკვებისგან შედგება.

“ზაფხულმა ისე გაიარა, ჩემს შვილს ხილი არ უჭამია, ნაყინი არ უჭამია. ვერსად გავიყვანე, სოფელი მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს. ასე მეტანჯება ბავშვი, მაგრამ ისეთი ბავშვია, არც ითხოვს. ამბობს, დედიკო, არ იტირო, არ ინერვიულო, არ მინდა არაფერი, სკოლაში საერთოდ არ წავალ, თუ ჩანთა არ მექნება, რვეული არ მექნებაო. ჩანთა ბავშვს მასწავლებელმა უყიდა, ფეხსაცმელები – კლასელის მშობელმა, ოღონდ თაკომ სკოლაში იაროსო. რვეულები, ფანქრები, პასტები, ყველაფერი საყიდელია. სკოლაში კიდევ 15 ლარია დასადები- დამლაგებელიო, ჟურნალიო და რაღაცები მოითხოვეს კრებაზე. ახლა დამატებით კიდევ ორი წიგნი უნდა, მათემატიკის და ქართულის, 15 – 15 ლარი ღირს. ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრში”, – ამბობს ბავშვის დედა ნანა.

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ბოლქვაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში, დაახლოებით ოთხ კვადრატულ ნაგებობაში ქირით ცხოვრობენ. ოთახში არც აბაზანაა და არც სამზარეულო.

ნანა ყოველთვიურად შემწეობის სახით სახელმწიფოსგან, ჯამში, 180 ლარს იღებს, რომლიდანაც 150 ლარს ბინის ქირაში იხდიდა.

2015 წელს დევნილთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ნანა ბოლქვაძეს “უკიდურესად გაჭირვებულ და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარების პროგრამის” ფარგლებში ბინის ქირის მიღებაზე განაცხადის დაწერა შეეძლო. შემდეგ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, ნანას საცხოვრებლისთვის სამინისტრო ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით იხდიდა. 2017 წლის აპრილიდან კი ეს დახმარება მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო შეუწყვიტეს. ბოლო წერილი ქირის გადახდის შეწყვეტასთან დაკავშირებით 2017 წლის 26 სექტემბერს მიიღო. თუმცა მას შემდეგ, რაც ნანა ბოლქვაძის საკითხზე დევნილთა სამინისტროს კვლავ დავუკავშირდით, ნანას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ბინის ქირის გადახდას გააგრძელებენ.

ნანა ბოლქვაძეს დევნილთა სამინისტროს მიერ მინიჭებული ქულით უკვე რამდენიმე წელია ბინა ეკუთვნის. ეს 2015 წელს ნეტგაზეთთან ინტერვიუში დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმაც დაადასტურა, თუმცა “ერთოთახიანი ბინების ნაკლებობის გამო ყველა მსურველს ბინით ვერ აკმაყოფილებენ”. შესაბამისად, ოფიციალური ინფორმაციითვე, ნანა კიდევ უნდა დალოდებოდა კუთვნილ ბინას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის მიიღებენ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას.

“სანამ ცოცხალი ვარ, შეიძლება ვერ ვეღირსო ბინას. მხოლოდ შვილზე ვფიქრობ, ასე უპატრონოდ, უსახლკაროდ არ დარჩეს”.

2016 წელს თბილისში ბინა 400-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო. სამინისტროს 2017-2018 წლების სტრატეგიის შესაბამისად, ამავე წლებში ბინას 2096 დევნილი მიიღებს.

უკანასკნელი სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით 273 411 დევნილია დარეგისტრირებული. მათგან ყველაზე ბევრი, 105 996 თბილისში ირიცხება. ბინის მიღების მსურველ ოჯახთა რაოდენობა 20 ათასამდეა.

ნანა ბოლქვაძისა და მისი შვილის საცხოვრებელი. ფოტო: დავით ოქროპირიძე/ნეტგაზეთი

ნანა ბოლქვაძისა და მისი შვილის საცხოვრებელი. ფოტო: დავით ოქროპირიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დავით ოქროპირიძე