ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ნამყოფი ემირ კუსტურიცა თბილისში კონცერტს გამართავს

27 სექტემბერი, 2017 • 8551
ცხინვალში ნამყოფი ემირ კუსტურიცა თბილისში კონცერტს გამართავს

სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, რომელიც 2009 წელს ცხინვალშია ნამყოფი, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს თბილისში ჩამოდის.

“ის აღიარა ჰოლივუდმა, ევროპამ, მსოფლიომ – რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მუსიკოსი, სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით  – ემირ კუსტურიცა საქართველოში ჩამოდის. გენიალური რეჟისორი, თავისი გამორჩეულად  ექსპრესიული როკჯგუფით “The No Smoking Orchestra”, რომელიც ბოლო წლების ყველაზე მოთხოვნადი საგასტროლო ჯგუფია ევროპაში, საქართველოში პირველად წარდგება. ნახეთ სცენაზე იმ პერსონაჟთა მუსიკალური მიქსი, რომლებიც ჩვენ ასე შეგვიყვარდა ფილმებში. ადამიანთა ტრაგიკომედიური  ისტორიების  მუსიკის ენაზე მთარგმნელი თავად უბადლო კუსტურიცა იქნება”, – ნათქვამია კონცერტის ანონსში, რომლის ბილეთებიც ონლაინ უკვე იყიდება.

The No Smoking Orchestra, რომლის ლიდერიცაა ემირ კუსტურაც, საქართველოში არტ მედია გრუპს ჩამოჰყავს. კონცერტი სპორტის სასახელშია დაგეგმილი. კულტურის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაგეგმილ კონცერტთან მათ კავშირი არ აქვთ.

რუსული მედიის ინფორმაციით, კუსტურიცა ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა ფილმისთვის მასალების მოსაძიებლად. ამავე წყაროს მიხედვით, მან საქართველოს აგრესორი უწოდა 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში.

საქართველოს კანონის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. თუმცა, როგორც შსს-მ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკვის საქმეზე განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. კუსტურიცა ცხინვალში ვიზიტიდან კი თითქმის 8 წელია გასული.

“ქართულ საზოგადოებას სერბი შემოქმედით დაინტერესების კიდევ ერთი, სკანდალური მიზეზი გაუჩნდა: ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მის  დნმ-ში იბერიული გენიც აღმოჩნდა”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები ანონსში.

 შპს არტ მედია გრუპი 2016 წელსაა რეგისტრირებული. მისი მფლობელი და დირექტორი ლელა ასლანიკაშვილია, რომელიც კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდა. ლელა ასლანიკაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა გრიგორი ლეფსის 2014 წლის სკანდალურ კონცერტში, რომელიც ასევე სპორტის სასახლეში გაიმართა. ტელეკომპანია “მაესტრო” აცხადებდა, რომ ლეპსის დაცვამ და ასლანიკაშვილმა მისი ჟურნალისტი ოთახში ჩაკეტა კრიტიკული კითხვების გამო. ამას ასლანიკაშვილი უარყოფდა და “მაესტროს” პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი