მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით აწამეს

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, გლდანის ციხეში შესახლებულმა ბრალდებულმა მათ რწმუნებულს უთხრა, რომ აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით პოლიციელებმა აწამეს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ეს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეექვსე განყოფილებაში მოხდა, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც  არ ჩაუდენია. ორგანიზაციის ცნობითვე, მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციის განყოფილების ერთ ოთახში, სადაც არ იყო ვიდეოსათვალთვალო კამერები, მას ერთ საათზე მეტხანს სასტიკად და გამეტებით ურტყამდნენ.

ომბუდსმენმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს ამ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

“თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. თავდაპირველად თავის არეში დაარტყეს, შემდეგ თავზე ჩამოაცვეს პარკი და კისერთან ისე მოუჭირეს, რომ სუნთქვა გაუჭირდა. პარკი მხოლოდ მაშინ მოხსნეს, როცა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ოქმზე ხელმოწერას დათანხმდა. მისი მტკიცებით, პოლიციელი ურტყამდა თავის არეში ფეხსაცმლებით. ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით, ცემის დროს გონებაც დაკარგა,”- ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში,

ომბუდსმენის ცნობითვე, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, N8 დაწესებულებაში შესახლებისას ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა მან განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაზიანებების აღწერისას მათი წარმოშობის მიზეზის წერილობითი ფორმით დაფიქსირებაზე შიშის გამო განაცხადა უარი. ამასთან, ბრალდეულის თქმით, პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ეფექტიანად აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. ასევე, დანიშნოს და ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების იდენტიფიცირების, მათი წარმოშობის მექანიზმისა და ხანდაზმულობის დადგენის მიზნით.

საქმეზე განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“. უწყების განცხადებით, მათ კომპანიის დარაჯს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის ტარით დაზიანება მიაყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი – 1962 წელს დაბადებული თ.ხ, 1969 წელს დაბადებული ბ.მ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. როგორც სამინისტრო აცხადებს, მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს „კენტავრის“ მათ მიერ დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის – ს.მ-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპს „კენტავრის“ დაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი.

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. სამინისტრო ირწმუნება, რომ გარეგნული დათვალიერებით ბრალდებულ ს.მ-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

“დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან ასევე წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას.

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – „126“ გააკეთა სატელეფონო შეტყობინება პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა. ვინაიდან აღნიშნული განცხადება და  26 სექტემბერს ცხელ ხაზზე გაკეთებული შეტყობინებაც შეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, შსს-ს განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გააგზავნა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი