ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა

27 სექტემბერი, 2017 • 2780
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, მისი მოადგილის თანამდებობაზე  პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით,  ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა.

უწყების ცნობით, ვაჟა ფანოზაშვილი საგამოძიებო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გუნდს პროფესიონალი კადრი შეემატა. ვაჟა ფანოზიშვილს აქვს  საჭირო ცოდნა, დიდი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ – ჩვევები იმისთვის, რომ სამსახურის მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელოს და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“ – განაცხადა ლევან გამყრელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოადგილედ დანიშვნამდე,  ვაჟა ფანოზიშვილი  საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 – 2017 წლებში ეკავა კახეთის  საოლქო პროკურორის თანამდებობა, 2013 – 2014 წლებში იყო ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი,  2010 – 2013 წლებში – ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე. 2004 – 2010 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, შემდგომში კი მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის და უფროსი პროკურორის თანამდებობებს. 1999 – 2004 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი